• Geo
  • Eng
24.11.2023
ფრე ქუთაისში

დინამოელებმა სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრა ქუთაისში, ადგილობრივ ტორპედოსთან გამართეს.

 

ტრადიციულად დაძაბული და პრინციპული ქართული დერბი ჟანრის წესებით წარიმართა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში მოპოვებული სათამაშო უპირატესობის მიუხედავად დინამოელებმა ანგარიში ვერ გახსნეს, სამაგიეროდ სახიფათო კონტრშეტევა ლაშა შერგელაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა და ტორპედო შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარში ქუთაისელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. მატჩის დაწყებიდან ერთი საათის თავზე გიორგი არაბიძემ სხვაობა სოლიდური გახადა, დინამომ კი შეცვლებს მიმართა (მანამდე აღსანიშნავია, რომ პირველივე ტაიმის დებიუტში ანდრეს კარასკოს ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ტრავმის გამო მოედნიდან ბარნს ოსეი და კიკე ლოპესი გავიდნენ). მოედანზე დედაქალაქური ფორმით სადებიუტო შეხვედრაში 16 წლის ვახო სალია გამოჩნდა. დინამომ უმატა შეტევებს და ბოლო 20 წუთში მთლიანად მოიპოვა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა. მე-80 წუთზე ასევე შეცვლაზე შემოსულმა ზორან მარუშიჩმა ზუსტი თავურით ანგარიში შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ლუკა ლაკვეხელიანმა ბურთს მიმართულება შედეგიანად შეუცვალა და 2-2. ბოლო წუთებზე დინამოს გამარჯვებაც შეეძლო, თუმცა სანდრო კალანდაძის დარტყმული ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია.

 

ამრიგად მატჩი 2-2 მორჩა, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კი ბათუმის დინამომ მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დედაქალაქელები ამ სეზონს ვერცხლის მედლებით დაასრულებენ. მომდევნო მატჩს კი ჩვენი გუნდი სწორედ ბათუმელ მეტოქესთან 28 ნოემბერს დინამო არენაზე გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024