კვირას 21 ოქტომბერს დინამო არენაზე დედაქალაქური დერბი გაიმართება, შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება. 21 ოქტომბერს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენმა გუნდმა ოთხჯერ მოიგო და სამჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 20/13 დინამოს სასარგებლოდ.
1959 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტი მიიღო და დიდი ანგარიშით 5:1 დაჯაბნა მეტოქე. ზაურ კალოევმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი შოთა იამანიძემ, მიშა მესხმა და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. 1972 წელს მოსკოვში ცსკა- თან 2:3 დავთმეთ მატჩი. გოლები წითელარმიელებს ვლადიმერ გუცაევმა და გივი ნოდიამ გაუტანეს.
1981 წელს ტრიუმფალური სეზონის შემდეგ დინამო თასების თასის 1/8 ფინალში ფრანგულ ბასტიას შეხვდა. საფრანგეთში ჩატარებული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ვლადიმერ გუცაევის ანგარიშზეა. 1997 წელს უეფას თასის 1/16 ფინალში პორტუგალიაში, ბრაგამ გვაჯობა 4:0, ხოლო 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში ფრანგულმა სოშომ მოგვიგო 2:0.
1996 წელს დინამომ თსუ-შევარდენს 5:1 მოუგო. გოლები ლევან ხომერიკმა, ლევან ცქიტიშვილმა, დავით მუჯირმა, გიორგი დემეტრაძემ და გიორგი ანჩაბაძემ გაიტანეს. ოთხი წლის შემდეგ ისევ დიდი ანგარიშით მოგება, ამჯერად მერანი 91- თან. ზაზა ზირაქიშვილის დუბლი, პლუს დავით დათვაძის და თენგიზ სიჭინავას გოლები. დინამომ 4:0 მოიგო. 2006 წელს ისევ თბილისის მერანი და ამჯერად ერთის წილ სამი გოლით იმარჯვა დინამომ. თავი მიხეილ ბიბიხიძემ, გიორგი მერებაშვილმა და მიხეილ ხუციშვილმა გამოიჩინეს.