• Geo
  • Eng
30.11.2018
დინამომ სიონი 5:2 დაამარცხა

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 34- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ბოლნისის სიონი მიიღო. ორივე გუნდი მოედანზე გაეროს მიერ ორგანიზებული - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციის ეგიდით დამზადებული მაისურებით გამოვიდა. მატჩის დაწყებამდე კი სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ჩვენი გუნდის ყოფილ და ამჟამად სიონის ნახევარმცველს ალექსანდრე კოშკაძეს ეროვნულ ლიგაში დამყარებული რეკორდი მიულოცა (442 მატჩი უმაღლეს ლიგაში).  დღევანდელი მატჩი ჩვენი გუნდის კაპიტანმა ლაშა თოთაძემ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ზაურ სვანაძემ კი დაცვის ხაზში ახალგაზრდა თორნიკე ძოწენიძეს ანდო ადგილი. შეხვედრაში სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ტაიმის შუაწელში ზუსტი დარტყმით ანგარიში აკაკი შულაიამ გახსნა. ამის შემდეგ ორიოდე წუთში ლევან შენგელიამ თავისი საფირმო დარტყმა შეასრულა, ბურთი სანტიმეტრებში აცდა კარს. სამაგიეროდ 29- ე წუთზე ჩვენი გუნდის ნახევარდაცვის შეუთანხმებელი თამაშით ბოლნისელებმა ისარგებლეს და გიორგი დათუნაიშვილმა აღადგინა სტატუს ქვო. დინამომ უმატა შეტევებს და ბოლო 5 წუთში იდენტური სიტუაცია გათამაშდა. ჯერ ბუდუ ზივზივაძემ ეროვნულ ლიგაში მე- 18 გოლი გაიტანა, ორიოდე წუთში კი გივი ხეცურიანმა ისევ აღადგინა წონასწორობა და ტაიმიც მორჩა. მეორე ტაიმი დინამომ შედეგიანად დაიწყო, ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა. შეხვედრის დაწყებიდან ერთი საათის თავზე კი დინამოს 9 ნომერმა ჰეთ თრიქი გაიფორმა 4:2. 69- ე წუთზე ბუდუმ კიდევ ერთი გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაშიც 21 გოლით დაწინაურდა. საბოლოოდ თბილისელებმა 5:2 იმარჯვეს. ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩს დინამო 4 დეკემბერს ფოთში კოლხეთის წინაარმდეგ გამართავს.

 

დინამო  5:2  სიონი

 

გოლი: 1:0 შულაია 25’  1:1 დათუნაიშვილი 29’  2:1 ზივზივაძე 43’  2:2 ხეცურიანი 45’  3:2 ზივზივაძე 48’  4:2 ზივზივაძე 60’  5:2 ზივზივაძე 69’   

 

დინამო: სიკაჩი, ძოწენიძე, ივანისენია, კობოური, რუხაია, ხარაბაძე, ნინუა (ქარდავა 62), ზარია (ქოჩლაძე 73), შენგელია (ერგემლიძე 78), შულაია, ზივზივაძე

სიონი: ზარქუა, გურეშიძე, ხეცურიანი, მინდორაშვილი, გიორბელიძე, ხმალაძე, დათუნაიშვილი, კოშკაძე (სიხარულია 62), კირკიტაძე, მანაგაძე, მახარობლიძე (უგულავა 73)

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024