• Geo
  • Eng
21.10.2018
უგოლო ფრე თბილისურ დერბიში

51- ე თბილისური დერბი გუნდებმა მაღალ ტემპში დაიწყეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი 25- ე წუთამდე არ შექმნილა. აღნიშნულ დროს გიორგი კუციას გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ გაისროლა ძლიერად, ბურთი ოდნავ აცდა სტუმართა კარს. საპასუხოდ ლოკომოტივსაც ჰქონდა სახიფათო შეტევა, ამ შემთხვევაში სტეპან სიკაჩმა იყოჩაღა. 32- ე წუთზე გუჯა რუხაია კარგად ჩაერთო შეტევაში, მისი დარტყმული მცველმა მოიგერია დამატებაზე კი ზივზივაძემ ვერ ივარგა. ისევ გუჯა რუხაიას აქტიურობა და ამჯერად რევაზ თევდორაძემ მოიგერია ბურთი. 43- ე წუთზე თეიმურაზ შონიას თავური და ლოკომოტივმა ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. მეორე ტაიმში დინამომ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ტაიმის დებიუტში ორი სახიფათო მომენტიც შექმნა. ჯერ გიორგი ივანიშვილის უძლიერესი დარტყმულია აღსანიშნავი. ივანიშვილი მახვილი კუთხიდან ემუქრებოდა თევდორაძის კარს, ბურთი კი სულ მცირედით აცდა მიზანს. შემდეგ კი სწრაფი კონტრშეტევა, სამი დინამოელი ორი ლოკომოტიველი მცველის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო პასზე ოფსაიდი დაფიქსირდა და მასპინძლებმა კარის აღების რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. მატჩის 63- ე წუთზე ნიკა ნინუამ გაისროლა შორი მანძილიდან, ბურთი რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია, მომდევნო შეტევაში კი ლუკა ლოჩოშვილის მაკრატელა არაზუსტი აღმოჩნდა. ამის შემდეგ დმიტრო ივანისენიას თავური და ისევ არაზუსტი. 70- ე წუთზე მასპინძლებმა მორიგი საგოლე შანსი გაუშვეს ხელიდან. ლევან შენგელიას ჩაწოდებული ბუდუ ზივზივაძემ მიიღო, შემოტრიალდა, მაგრამ დარტყმულზე დაუფარეს. დინამოელთა მასირებულ შეტევებს 85- ე წუთზე მარცხენა ფრთიდან დათო კობოურის ჩაწოდება მოჰყვა, ბურთზე მათე ვაწაძე აიწია, მისი უძლიერესი თავური კი სანტიმეტრებში აცდა ლოკომოტივის კარს. საბოლოოდ დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად დინამომ გოლის გატანა ვერ მოახერხა და შეხვედრაც 0:0 დასრულდა. დინამო მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს ზესტაფონში, სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო 0:0 ლოკომოტივი

 

დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა, ივანისენია, კუცია (ქოჩლაძე 60), ივანიშვილი (ვაწაძე 75), ერგემლიძე (შენგელია 67), ზივზივაძე

ლოკომოტივი: თევდორაძე, ქურდაძე, ჭანტურია, ჯიქია (გავაშელიშვილი 65), შონია, კიკაბიძე (ჯონი 72), გაბაძე, უბილავა, სამურკასოვი, არდაზიშვილი (კომახიძე 79), კობახიძე

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024