ოთხშაბათს 31 ოქტომბერს, დინამო არენაზე მორიგი ქართული დერბია. ეროვნული ლიგის 22- ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა 20.00 საათზე დაიწყება.
ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში საიუბილეო 70- ე იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 69 მატჩიდან, 35- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 18 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 116/64 თბილისელთა სასარგებლოდაა.
ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 14- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში 2018 წლის 25 მაისს გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი მასპინძლებს აკაკი შულაიამ გაუტანა.
დინამო - ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1. აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.