დღეს თურქულ შეკრებაზე მყოფმა დინამომ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენს გუნდს მეტოქეობა პლოვდივის ლოკომოტივმა გაუწია. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად და ხისტად დაიწყო. პირველი სახიფათო შეტევა კი მე- 18 წუთზე თბილისელებმა განახორციელეს. ლევან კუტალია გაიჭრა მეტოქის კარისკენ, მეკარესთვის ბურთის თავზე გადაგდებაც დააპირა, თუმცა ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. სამაგიეროდ მომდევნო შეტევა შედეგიანი გამოდგა ჩვენი გუნდისთვის. გიორგი კუხიანიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ მარჯვენა ფრთიდან ლევან შენგელია საჯარიმოში შეიჭრა, ჩააწოდა და არგენტინელმა ანტონიო როხანომ ანგარიში გახსნა. თამაში იმავე რიტმში გაგრძელდა, 25- ე წუთზე კი სტეპან სიკაჩმა იხსნა დედაქალაქელთა კარი. ცოტახანში ფრან კარბია, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე საკმაოდ აქტიური გახლდათ დაუსხლტა ვიზავის, მეტოქის კარისკენაც გაიჭრა, მაგრამ მცველმა წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა, თუმცა შეთანხმების მიხედვით გუნდებმა სრული შემადგენლობით განაგრძეს ასპარეზობა. მე - 40 წუთზე მეტოქემ შედეგიანი კომბინაცია გაითამაშა და წონასწორობა აღადგინა, რასაც ორიოდე წუთში დმიტრო ივანისენიას შორიდან ზუსტად გასროლილი მოჰყვა და დინამო ისევ დაწინაურდა. მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ცვლილებებით დაიწყო, მატჩი კი იმავე რიტმში გაგრძელდა. 55- ე წუთზე დინამოელეთა სახიფათო კომბინაციას ფრან კარბია ტექნიკური დარტყმით ასრულებდა, მეტოქის გოლკიპერმა ბურთი ბოლო წამს მოიგერია კუთხურზე. თბილისელებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი განახორციელეს. აკაკი შულაიამ, მიხეილ ერგემლიძემ და ლევან კუტალიამ ვერ გამოიყენეს შანსები. ბოლო ათ წუთში მეტოქემ ორი სახიფათო შეტევა განახორციელა. პირველ შემთხვევაში ხოსე პერალესმა იხსნა კარი, მეორედ კი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ანგარიშიც საბოლოო 2:2 დაფიქსირდა. დღევანდელ შეხვედრაში ნიკა ნინუასა და ბაქარ ქარდავას (მცირე ტრავმები) გარდა, შეკრებაზე მყოფმა ყველა ფეხბურთელმა ითამაშა. მომდევნო მატჩს დინამო 1 თებერვალს სპარტაკ სუბოტიჩას წინააღმდეგ გამართავს.
დინამო 2:2 ლოკომოტივი
გოლი: 1:0 როხანო 19’ 1:1 აკროპოვიჩი 40’ 2:1 ივანისენია 42’ 2:2 ილიევი (პენ) 84’
დინამო: სიკაჩი (მამარდაშვილი 30’ პერალესი 60), რუხაია, მეჯუბი (გაბიტაშვილი 53), კობოური (ქაფიანიძე 66), იაშვილი (ძოწენიძე 46), ივანისენია (პაპავა 46), კუხიანიძე (ზარია 46), შენგელია (შულაია 56), კარბია, კუტალია, როხანო (ერგემლიძე 58)