დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას სერბულ სპარტაკ სუბოტიცასთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.
მტრედები (სპარტაკელთა ზედმეტსახელი) 1945 წელს დაარსებული კლუბია. კლუბს სპარტაკი ადგილობრივი პარტიზანის იოვან მიკიჩ სპარტაკის საპატივცემულოდ დაერქვათ. სპარტაკელები სუბოტიცას 13 000- იან ცენტრალურ სტადიონზე თამაშობენ, საკლუბო ფერები კი თეთრსა და ცისფერშია გადაწყვეტილი.
სპარტაკისთვის ყველაზე წარმატებულად 1961/1962 და 1993/1994 წლების სეზონი ითვლება. მტრედებმა მაშინ იუგოსლავიის თასის ფინალში გასვლა მოახერხეს, თუმცა ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი მატჩები დათმეს. მიმდინარე ჩემპიონატში კი 21 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე- 12 ადგილს იკავებენ. სერბული სუპერლიგის შარშანდელი გათამაშება ჩვენმა ოპონენტმა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
სერბები რამდენიმე დღეა რაც თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან და ერთი ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრეს. სპარტაკმა ყაზახურ აკჟაიკთან მატჩი 1:3 დათმო. მანამდე სპარინგი ჩელიკთან გამართეს და 3:0 იმარჯვეს. სუბოტიცელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წლის ოქტომბრიდან ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი პრედრაგ როგანი მუშაობს.