დინამო თბილისი ეროვნული ლიგის 34- ე ტურის შეხვედრას დინამო არენაზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს, თუმცა სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ამ სეზონში მეტოქეებს მიხეილ მესხი 2- ზე მასპინძლობს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005/2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. 2013/2014 სეზონის პირველობაზე ჩვენმა მეტოქემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ამით გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. სიონი ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე ალბანეთის ფლამურტარს დაუპირისპირდა. ბოლნისელებმა საშინაო შეხვედრა 2:3 დათმეს, გასვლაზე 2:1 მოიგეს, თუმცა ეს ანგარიში არ ეყო ჩვენს მომავალ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. 2015-2016 წლების სეზონში სიონმა უმაღლესი ლიგა დატოვა. 2017 წელს კი პლეი ოფში ბათუმის დინამოსთან იმარჯვა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.
მწვრთნელი და სიონი
ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2018 წლის ივლისიდან თეიმურაზ შალამბერიძე იკავებს. მისი თავკაცობით ბოლნისელები მიმდინარე ჩემპიონატში 33 ტურის შემდეგ დაგროვილი 31 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან.
დინამო - სიონი
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 60 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 48 მოგება, 5 ფრე და 7 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც დედაქალაქელთა სასარგებლოდაა 144/33.
დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 48 გამარჯვებიდან მეტოქე 18 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.
დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ბოლო დაპირისპირება 2018 წლის 23 სექტებერს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადაიგო მოედანზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას ჯენერი ხორავა მოემსახურება. მას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ი. მაჩიტაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ბ. გლუშჩუკი შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს დინამოელი ლაშა თოთაძე და სიონელი ლუკა ნოზაძე გამოტოვებენ.