დინამო არენაზე 31- ე საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს დინამო თბილისი და საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდნენ. მატჩის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა. ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა აუდიტორიამ პატივი მამუკა ფანცულაიას ხსოვნას მიაგეს. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მე- 14 წუთზე ლევან შენგელიას დარტყმას მოჰყვა. ბურთი მცირე მანძილით აცდა დინო ჰამზიჩის კარს, საპასუხოდ კი ირაკლი ლექვთაძის თავური ხოსე პერალესმა ხელებში გააქვავა. დინამომ მეთოდურად მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. ხუთიოდე წუთში ლევან კუტალია შეიჭრა საჯარიმოში და აკაკი შულაიას ჩაწოდებულ ბურთს თავიც შეაგება, თუმცა მცირედით არაზუსტად. 25- ე წუთზე აკაკი შულაია რამდენიმე ცრუმოძრაობით თავის ვიზავის გაცდა, სახიფათოდ დაარტყმა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან დავით მაისაშვილი გააძევა, რომელმაც ერთი ერთზე გასული ფრან კარბია აკრძალული ილეთით შეაჩერა. დინამოელთა მასირებულმა შეტევებმა საბოლოოდ შედეგი 43- ე წუთზე გამოიღო. გუჯა რუხაია გაიჭრა მარჯვენა ფრთაზე, ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლევან შენგელიამ ერთი შეხებით ზუსტად გაისროლა 1:0. იქვე პირველი ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევარი გუნდებმა ცვლილებების გარეშე განაახლეს და ორ წუთში ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა. საგოლე გადაცემა კი თავის აქტივში ლევან კუტალიამ ჩაიწერა. 54- ე წუთზე ბიძინა მახარობლიძე ახლო მანძილიდან ემუქრებოდა ჩვენს კარს, თუმცა პერალესი ადგილზე დახვდა დარტყმულ ბურთს. ამის შემდეგ დინამომ სათამაშო რიტმი დაამშვიდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა,რომელთაგანაც აღსანიშნავია ფრან კარბიას გარღვევა, კარის ხაზთან ჩაწოდება, რომლის შემდეგაც დმიტრო ივანისენიას მარტებდა მესამე გოლის გატანა. საბოლოო პაექრობა დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას 6 მარტს დინამოელები ბოლნისში ადგილობრივ სიონთან გამართავენ.
დინამო 2:0 ჩიხურა
გოლი: 1:0 შენგელია 43’ 2:0 შენგელია 47’
გაფრთხილება: ჩიტეიშვილი 16, შულაია 31’
გაძევება: მაისაშვილი 33’
დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, პაპავა, იაშვილი, ნინუა, კუხიანიძე (ივანისენია 57), შენგელია, შულაია (როხანო 61), კარბია, კუტალია (ზარია 72)
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (მუმლაძე 57), მამასახლისი, კაშია, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, მახარობლიძე (დეკანოიძე 73), ლექვთაძე (ჩიხლაძე 62), მეგრელიშვილი, სარდალიშვილი, კორიფაძე
მსაჯი: გ. ვადაჭკორია