დღეს მიხეილ მესხი 2- ზე 52- ე დედაქალაქური დერბი გაიმართა. შეხვედრა ძლიერი ქარის მიუხედავად ორივე გუნდმა მაღალ ტემპში დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა მეათე წუთზე შექმნეს, საჯარიმოს მისადგომებიდან აკაკი შულაიას დარტყმული მცირედით აცდა მასპინძელთა კარს. ამას ცოტახანში დინამოელთა კიდევ ორი მწვავე შეტევა მოჰყვა - ჯერ დმიტრო ივანისენიამ ლევან შენგელიას საჯარიმოში გადააწოდა, შენგელიას დარტყმულს კი ბოლო წამს მცველებმა დაუფარეს, მომდევნო შეტევაში კი გიორგი ზარია ტექნიკური დარტყმით გზავნიდა ბურთს ლოკომოტივის კარში, თუმცა დემეტრე ბულისკერიამ კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ ტაიმის შუაწელში ირაკლი სიხარულიძემ გაისროლა ჩვენი კარისკენ, ბურთს ხოსე პერალესი ადგილზე დახვდა. 37- ე წუთზე თბილისელთა მორიგ შეტევას თორნიკე ძებნიაურის მიერ ხელით თამაში მოჰყვა, რაც მსაჯს არ გამორჩენია - ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ზუსტად ლევან კუტალიამ დაარტყა და ანგარიშიც გაიხსნა. პირველ ტაიმში მეტი აღარაფერი შეცვლილა. მეორე ნახევარში უპირატესობა მთლიანად სტუმრებმა მოიპოვეს და 58- ე წუთზე გიორგი ზარიამ სოლო რეიდისა და ცრუმოძრაობების შემდეგ მეორედ აიღო ლოკომოტივის კარი. აღსანიშნავია ასევე კარბია-ზარია-შენგელიას კომბინაცია, რომელიც ოდნავ არაზუსტი დარტყმით დასრულდა. შემდეგ ბაქარ ქარდავა ამწვავებდა თამაშს და ორჯერ მიჯრით საკმაოდ სახიფათოდ დაარტყა, ბურთი ორივე შემთხვევაში მცირედით აცდა სამიზნეს. 79- ე წუთზე ლევან კუტალია შეტევის მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, მცველს ბურთი თავზე გადაატარა, ამ უკანასკნელმა კი ხელით ითამაშა და ლოკომოტივის კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ამჯერად ლევან შენგელიამ შეასრულა უნაკლოდ და დინამო სამი ბურთით დაწინაურდა. შეხვედრის ბოლოს დმიტრო ივანისენიას ჩაწოდებული ბურთი ნიკა ჭანტურიამ საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩიც დასრულდა. დინამოელები მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 31 მარტს საბურთალოსთან დინამო არენაზე ჩაატარებენ.
ლოკომოტივი 0:4 დინამო
გოლი: 0:1 კუტალია (პენ) 38’ 0:2 ზარია 58’ 0:3 შენგელია (პენ) 79’ 0:4 ჭანტურია (ა.გ.) 90’
გაფრთხილება: არდაზიშვილი 28’ გვალია 38’ შენგელია 44’ ჭანტურია 75’ ივანისენია 75’ როხანო 85’
გაძევება: ძებნიაური 37’
ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, შონია, გვალია (დავითაშვილი 63), ჯიქია (კობახიძე 55), ძებნიაური, კირკიტაძე, სიხარულიძე, არდაზიშვილი (კიკაბიძე 84), უბილავა
დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, მეჯუბი, იაშვილი, პაპავა, ივანისენია, შენგელია (როხანო 80), შულაია (კარბია 50), ზარია (ქარდავა 68), კუტალია
მსაჯი: ჯ. ხორავა