• Geo
  • Eng
17.02.2019
15 წლამდე დინამო კვიპროსში გაემგზავრა

დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობა შეკრებაზე კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში გაემგზავრა. დინამოელები დაბინავდნენ და საღამოს კვიპროსის პირველი დივიზიონის კალენდარულ შეხვედრას დაესწრნენ, რომელშიც ანორთოსისმა ომონიას უმასპინძლა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი კუნძულზე ერთი კვირა დარჩება და მზადების პარალელურად სამ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. 18 თებერვალს დინამოელები ფამაგუსტას ანორთოსისს შეხვდებიან, 20 თებერვალს ლურჯ-თეთრები ასევე ფამაგუსტას ნეა სალამინასთან ითამაშებენ, ხოლო 22 თებერვალს ლარნაკას აეკ- თან მოსინჯავენ ძალებს.

შეგახსენებთ, რომ 15 წლამდე დინამო დასრულებული ოქროს ლიგის გამარჯვებულია. დინამოელებს ფეხბურთის განვითარების ფონდის ახალი პროექტის თანახმად პრიზად და ზამთარში სპარინგ მატჩების გასამართად ჯილდოდ ფულადი პრემიაც ერგო. იგივე პრიზი დინამოს 17 (ოქროს ლიგის გამარჯვებული) და 19 (ორქოს ლიგის მეორეადგილოსანი) წლამდე გუნდებმაც მიიღეს. გოჩა ჩიქოვანის და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდები დღეს ანტალიაში გაემგზავრნენ. იქვე გაივლიან შეკრებას და სპარინგ მატჩებსაც ჩაატარებენ. დაწვრილებით ინფორმაციას ორივე გუნდზე ახლო პერიოდში მოგაწვდით.

დინამოელები შეკრებაზე 22 ფეხბურთელით გაემგზავრნენ: ლუკა ჯოჯუა, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა არჩაია, ლუკა ჯანაშია, თორნიკე მოლაშვილი, ნიკა გოგებაშვილი, ნიკა შიოლაშვილი, აჩიკო დათუაშვილი, შოთა კვერენჩხილაძე, ლუკა ლაცაბიძე, ნიკა ცხოვრებაშვილი, სანდრო გაფრინდაშვილი, ლუკა ნიკოლაიშვილი, ლევან კობახიძე, ომარ თოდუა, ანრი როსივერი, გიორგი აღდგომელაშვილი, რატი ხუტიაშვილი, ჯადული იობაშვილი, საბა გეგიაძე, მუხრან ბაგრატიონი და თეიმურაზ დევიძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024