თბილისელებმა თურქულ შეკრებაზე დღეს მეექვსე მატჩი ჩაატარეს. დინამოელებს მეტოქეობა უკრაინის პრემიერ ლიგის მეოთხეადგილოსანმა ლუგანსკის ზორიამ გაუწია. მატჩი დაძაბულად, ხისტად და საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა. შეხვედრის დებიუტში გუჯა რუხაიას კარგი თამაშის მერე ლევან კუტალია თავით გზავნიდა ბურთს მეტოქს კარისკენ, მაგრამ დარტყმა უზუსტო გამოდგა. ტერიტორიული უპირატესობა უკრაინელებმა მოიპოვეს და მეოცე წუთისთვის ორი სახიფათო შეტევა განახორციელეს, რასაც თბილისელთა კართან უშედეგოდ ჩამოწოდებული ორი კუთხური მოჰყვა. ანგარიში 27- ე წუთზე გაიხსნა. ლევან შენგელიას ჩამოწოდებული კუთხური ნიკა ნინუამ დაახლოებით 20 მეტრიდან ზუსტად გადაგზავნა ზორიას კარში. გოლიდან სამიოდე წუთში მეტოქეს ჰქონდა სახიფათო და უშედეგო მომენტი. პირველი ტაიმის ბოლოს მეტოქის სწრაფი შეტევა საჯარიმოს ხაზთან აბდელ მეჯუბმა აკრძალული ხერხით შეაჩერა და მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. სახიფათო საჯარიმო დარტყმა კი ხოსე პერალესმა მოიგერია. მეორე ტაიმი 4 წუთის დაწყებული გახლდათ, როდესაც მსაჯმა ჩვენს საჯარიმოში თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე მიანიშნა. კარავაევის დარტყმულს პერალესმა ვეღარაფერი მოუხერხა და ანგარიშიც გათანაბრდა. მომდევნო ხუთწუთიან მონაკვეთში კი ესპანელმა გოლკიპერმა კიდევ ორჯერ მოახერხა სახიფათო სიტუაციის განმუხტვა. 68- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულ ფრან კარბიას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში თავით არაზუსტად ითამაშა. 83- ე წუთზე კი მეტოქემ მეორედ მოახერხა გოლის გატანა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაც. ამ მომენტიდან ხუთ წუთში აკაკი შულაიამ ტექნიკურად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, ორ მეტოქეს გაცდა, საჯარიმოში შეიჭრა, იქ კი უხეშად ეთამაშნენ, რაზეც ჩვენი გუნდის ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად მსაჯმა ყურადღება აღარ გაამახვილა. საბოლოოდ მატჩი 1:2 დასრულდა. შეკრებაზე ბოლო შეხვედრას დინამო თბილისი 23 თებერვალს დინამო ბრესტის წინააღმდეგ გამართავს.
დინამო 1:2 ზორია
გოლი: 1:0 ნინუა 27’ 1:1 კარავაევი (პენ) 50’ 1:2 ივანოვიჩი 83’
დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი (კობოური 46), მონხილი, ნოჩე (იაშვილი 60), ივანისენია (პაპავა 55), ნინუა (კუხიანიძე 65), ქარდავა (შულაია 55), შენგელია (ერგემლიძე 85), როხანო (კარბია 63), კუტალია (ზარია 78)