• Geo
  • Eng
10.03.2019
დინამო თბილისი 0:1 დინამო ბათუმი

დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მასპინძელთა ანგარიშზეა. მეშვიდე წუთზე ლევან შენგელია საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქეს ცრუ მოძრაობით გაცდა, დარტყმული კი მიხეილ ალავიძის ნადავლი გახდა. საპასუხოდ კი 5 წუთში მეტოქემ გახსნა ანგარიში, კუთხურის მერე გოლი გიორგი გადრანმა გაიტანა. მასპინძლებს ანგარიშის გაქვითვა მეოცე წუთზე შეეძლოთ. აკაკი შულაიას ჩაწოდებულს დმიტრო ივანისენია აგვირგვინებდა. მისი თავური ოდნავ აცდა მეტოქის კარს. თბილისელებმა წნეხს უმატეს და ორიოდე წუთში ლევან შენგელიას სოლო რეიდი მეტოქემ წესის დარღვევით საჯარიმოს ხაზთან შეაჩერა. თავად შენგელიას შესრულებული საჯარიმო კი მეკარემ უკუაგდო. 39- ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მასპინძელთა შესრულებით, ლევან შენგელიას ტექნიკური დარტყმული ბოლო წამს მეკარემ მოიგერია. 44- ე წუთზე დმიტრო ივანისენიას შორეული დარტყმა და ისევ მეკარე დგას მოწოდების სიმაღლეზე. ტაიმის ბოლო წუთზე ისევ ივანისენია და ოდნავ არაზუსტი დარტყმა. აქვე ბათუმელთა მეკარემ ანტონიო როხანოს ახლო მანძილიდან დარტყმულიც მოიგერია. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნახევარი დედაქალაქელთა სრული უპირატესობით და მიხეილ ალავიძის საუცხოო თამაშით აღინიშნა. მეორე ნახევარი გუნდებმა მაღალ ტემპში განაახლეს. თბილისელთა მიჯრით რამდენიმე კუთხური და ისევ უშედეგოდ. მატჩის 56- ე წუთზე სტუმართა კარი კიდევ ერთხელ გადაურჩა გაშვებულ გოლს. ფრან კარბიას ტექნიკური დარტყმული მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. 68- ე წუთზე მასპინძელთა შეტევას ლევან შენგელია ასრულებდა, მისი დარტყმული ისევ მეკარემ მოიგერია. მატჩის ბოლოსკენ არაერთი შეტევა მასპინძელთა შესრულებით და ისევ უშედეგოდ, მათგან ყველაზე აღსანიშნავი ლევან შენგელიას დარტყმული კარის ზედა მარცხენა კუთხეში და ბურთი სანტიმეტრებით ცდება კარს. საბოლოოდ აღარაფერი შეიცვალა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ შეხვედრას დინამო 17 მარტს ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

დინამო თბილისი 0:1  დინამო ბათუმი

 

გოლი: 0:1 გადრანი 12’ 

გაფრთხილება: გადრანი 19’  ჩალაძე 23’  მანჯგალაძე 26’  რამოსი 47’  მელიავა 71’  იაშვილი 72’  მელიავა 84’   

გაძევება: მელიავა 84’ 

 

დინამო თბილისი: პერალესი, იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე, ივანისენია (ზარია 78), კუხიანიძე (ნინუა 60), შულაია, შენგელია, კარბია, როხანო (კუტალია 66)

დინამო ბათუმი: ალავიძე, გადრანი, მელიავა, გაგოშიძე, ჩალაძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე, ჯანელიძე (ცაცკრიალაშვილი 86), რამოსი, ილურიძე (თევდორაძე 46), საბანაძე (გაფრინდაშვილი 72)

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024