ორშაბათს 20 მაისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურში ჩვენი გუნდი საბურთალოს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21.00 საათზე გაიმართება.
ეროვნულ ასპარეზზე 20 მაისს დინამომ ექვსი შეხვედრა გამართა. აქედან ხუთში დინამომ იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩი დასრულდა ფრედ. ბურთების შეფარდება 26/7. პირველ ჩემპიონატში თბილისელებმა ოზურგეთის მერცხალს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 8:1 დაჯაბნეს მეტოქე. აღნიშნულ მატჩში ჰეთ–თრიქი შეასრულეს კახი კაჭარავამ და გია გურულმა, თითო გოლი კი თემურ ქეცბაიამ და ზაზა რევიშვილმა გაიტანეს. 1992 წელს გალში ადგილობრივ მზიურთან ფრედ 2:2 დასრულდა შეხვედრა. გოლები მიხეილ ყაველაშვილმა და რევაზ არველაძემ გაიტანეს. 2007 წელს მეთვრამეტე ჩემპიონატში დინამომ 4:2 დაამარცხა ბათუმის ბათუმი. სანდრო იაშვილის სამ გოლს, ერთიც გიორგი ფეიქრიშვილმა მიამატა. 2008 წელს გურამ კაშიას და დავით ოდიკაძის გოლებით, ჩვენმა გუნდმა გორის დილა 2:0 დაამარცხა. 2010 წელს ოცდამეერთე ჩემპიონატში დინამომ სამტრედიას დიდი ანგარიშით 4:1 მოუგო. ირაკლი ლექვთაძემ და ირაკლი სიხარულიძემ აღნიშნულ შეხვედრაში ორ–ორი გოლის გატანა მოახერხეს. 2012 წელს დედაქალაქელებმა ჩისკო მუნიოსის დუბლით, გოგიტა გოგუას ორი გოლით, მიკელ ალვაროსა და გიორგი მერებაშვილის ზუსტი გასროლით ზუგდიდის ბაიას 6:1 მოუგეს.
სსრკ– ს ჩემპიონატში 20 მაისს დინამომ ხუთი მატჩი გამართა. სამი შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, ხოლო ორი თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების ბალანსია 8/2. 1949 წელს ლენინგრადში სეხნიებთან ჩატარებული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. 1968 წელს დონეცკის შახტიორთან ფრედ 1:1 დასრულებულ მატჩში თავის გამოჩენა სლავა მეტრეველმა მოახერხა. 1970 წელს თბილისელებმა დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს ტაშკენტის პახტაკორი. გოლების გატანა მოახერხეს: ალექსანდრე ილიადიმ (ორი), გოჩა გავაშელმა და თენგიზ ბურჯანაძემ. ორი წლის შემდეგ გივი ნოდიას და კახი ასათიანის გოლებით დინამომ ვოროშილოვგრადის ზარია დაამარცხა. 1984 წელს მტკვრისპირელებმა დონეცკის შახტიორს უმასპინძლეს და ალექსანდრე ჩივაძის გოლით 1:0 დაამარცხეს.