კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5- ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. ეროვნული ლიგა 2- ში გამარჯვების შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. რუსთავში არაერთი ახალი ფეხბურთელი მივიდა და ასევე სამწვრთნელო შტაბიც შეიცვალა. მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში რუსთავს ბადრი კვარაცხელია თავკაცობს. ფოლადის სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში სფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მოედანზე ატარებს.
მიმდინარე სეზონში რუსთავში იჯარის წესით 2 დინამოელი - მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ნახევარმცველი პაატა კიტეიშვილი ასპარეზობს. დასრულებული 2018 წლის სეზონის შემდეგ დინამოდან რუსთავში საფეხბურთო კარიერა ლაშა ქოჩლაძემ გააგრძელა, ხოლო დედაქალაქურ კლუბს რუსთავიდან გიორგი პაპავა დაუბრუნდა.
მწვრთნელი
ახალი სეზონიდან გუნდს აზებაიჯანული მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - ბადრი კვარაცხელია ხელმღვანელობს. მისი გუნდი ჩატარებული 6 ტურის შემდეგ დაგროვებული 3 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მეათე ადგილზე იმყოფება.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების დაპირისპირება მცირე ისტორიას ითვლის. დინამო და რუსთავი ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ოთხჯერ შეხვდნენ. პირველობის 2018 წლის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. ბოლოს დინამო რუსთავს 7 ოქტომბერს შეხვდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. აკაკი შულაიას გოლს დუბლი ბუდუ ზივზივაძემ მიამატა.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას გიორგი ავაზაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას გ. ელიკაშვილი და დ. ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ა. ნონიკაშვილია. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.