24 მაისს დინამო არენა 73- ე ქართულ დერბის უმასპინძლებს. ტრადიციულ მეტოქეთა დაპირისპირება 19.00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 72 მატჩიდან, 35- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 20 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 118/67 თბილისელთა სასარგებლოდაა.
ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 15- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის სამტრედიაში 2019 წლის 3 აპრილს გაიმართა და საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა.