• Geo
  • Eng
23.05.2019
ქართული დერბი - მატჩამდე

31- ე ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩი, რომელშიც დინამო ტორპედოს დაუპირისპირდება, დინამო არენაზე 19.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 4:2 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. ქუთაისელებმა 1982, 1983 და 1985, 1986 სეზონები გაატარეს უმაღლეს ლიგაში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა. იგივე ტიტული ქუთაისელებმა 2019 წელს საბურთალოსთან პაექრობაში მოიგეს.

 

 

მწვრთნელი და ტორპედო

2016 წლის სექტემბრიდან ქუთაისის ტორპედოს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - კახაბერ ჩხეტიანი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა უკვე მიაღწია დიდ წარმატებას და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასთან ერთად საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა. ტორპედომ ჩხეტიანის ხელმძღვანელობით სუპერთასი ორჯერ მოიგო.

 

 

ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 72 მატჩიდან,  35- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 20 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 118/67 თბილისელთა სასარგებლოდაა.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 15- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის სამტრედიაში 2019 წლის 3 აპრილს გაიმართა და საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა.

დინამო - ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1. აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას ტარიელ რუხაია წარუძღვება. მას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები პ. მაჭარაძე და შ. ქუხილავა იქნებიან. მეოთხე მსაჯი გ. ვადაჭკორა გახლავთ. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024