ხვალ 53- ე დედაქალაქური დერბი შედგება. დინამო ლოკომოტივს 21.00 საათზე უმასპინძლებს. დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 52 მატჩიდან 30- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 13 მატჩი ყაიმით დასრულდა და 9 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 83/32 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაც, რომელიც 17 მარტს გაიმართა, დინამოელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 15- ჯერ დაფიქსირდა. 13 ნათამაშები ყაიმიდან კი 12 უგოლოდ დასრულდა.