• Geo
  • Eng
16.06.2019
მეოთხე გამარჯვება მიჯრით

დღეს დინამო არენაზე ეროვნული პირველობის მე- 18 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ვიტ ჯორჯია მიიღო. მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს და პირველ 10 წუთში რამდენჯერმე მოაწოდეს კუთხური მეტოქის კართან. პირველი საგოლე მომენტი დინამოელებმა მე- 13 წუთზე შექმნეს. შენგელიას სწრაფი გარღვევა ლევან კუტალიამ ძლიერი დარტყმით დაასრულა, ბურთი კი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ჩაწოდებული კუთხური დმიტრო ივანისენიას ნადავლი გახდა და უკრაინელმა ნახევარმცველმა ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ თამაშის რიტმი ოდნავ დაეცა და ვიტ ჯორჯიამაც რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო კონტრშეტევა მოაწყო დინამოელთა კართან. ტაიმის შუაწელში აკაკი შულაიას მართებდა სიტუაციის მეტი გამწვავება, თუმცა ბოლო წამს გადაცემა გადაწყვიტა და მხოლოდ კუთხური. მეორმოცე წუთზე კი მასპინძლები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ. ცოტნე მოსიაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ოდნავ აცდა კარს. ორიოდე წუთში კი სტუმრებმა აღადგინეს წონასწორობა.  გოლი მოსიაშვილმა გაიტანა. საპასუხოდ ლევან შენგელიას ძლიერი თავური, მაგრამ ზუსტად ლევან ისერგიშვილის ხელებში. მეორე ტაიმი დინამოელთა შტევებით განახლდა, თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. შეხვედრის 64- ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში ახალგაზრდა გიორგი აბუაშვილის დებიუტი შედგა, მან დმიტრო ივანისენია შეცვალა. აბუაშვილმა რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, 83- ე წუთზე კი გატანაც შეეძლო, მაგრამ მცველმა დაუფარა, დამატებაზე შენგელიას არ გამოუვიდა დარტყმა. ორიოდე წუთში სტუმართა კარი ნიკა ნინუას დარტყმულის შემდეგ ძელმა იხსნა. საბოლოოდ დინამოს შეტევებმა შედეგი მატჩის ბოლო წუთზე გამოიღო. ლევან შენგელიამ საფირმო დარტყმით დინამოს მიჯრით მეოთხე გამარჯვება მოუტანა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 19 ივნისს საქართველოს თასის 1/8 ფინალში თბილისის მერანთან გამართავს.

 

დინამო  2:1  ვიტ ჯორჯია

 

გოლი: 1:0 ივანისენია 14’  1:1 მოსიაშვილი 42’  2:1 შენგელია 90’

გაფრთხილება: გაფრინდაშვილი 53’  მუსელიანი 57’  ისერგიშვილი 67’ 

 

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი, პაპავა (კუხიანიძე 80), ივანისენია (აბუაშვილი 64), ნინუა, შენგელია, შულაია (აზაროვი 59), კუტალია

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი, გაფრინდაშვილი, კაკაშვილი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ლაცაბიძე, მოსიაშვილი, ვასაძე, ზარიძე (კურდღელაშვილი 70), მუსელიანი, მუჯირი

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024