დღეს საქართველოს 31- ე ჩემპიონატის 22- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი მიხეილ მესხი 2- ზე 21.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.
ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.
მწვრთნელი და ლოკომოტივი
ა/წ აპრილის თვიდან მოყოლებული ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი ლევან კორრალიძე მუშაობს. მისი გუნდი 21 ტურის შემდეგ დაგროვილი 32 ქულით მე- 5 ადგილზე იმყოფება.
დინამო VS ლოკომოტივი
დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 53 მატჩიდან 30- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 13 მატჩი ყაიმით დასრულდა და 10 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 84/35 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაც, რომელიც 17 მარტს გაიმართა, დინამოელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 15- ჯერ დაფიქსირდა. 13 ნათამაშები ყაიმიდან კი 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლოს ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი ლოკომოტივმა 3:1 მოიგო. დინამოელთა მხრიდან თავი ნიკა ნინუამ გამოიჩინა.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დედაქალაქურ დერბის გოგა კიკაჩეიშვილი წარუძღვება, რომელსაც ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები პ. მაჭარაძე და დ. სანოძე იქნებიან. მეოთხე მსაჯი ა. ნონიკაშვილი იქნება. ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.