• Geo
  • Eng
11.08.2019
თბილისის დინამოს გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე: უეფას წონადი არგუმენტები მივაწოდეთ და იმედია, გაითვალისწინებენ... ანუ რას ნიშნავს '1988' დინამოს ფანკლუბის ბანერზე

თბილისის "დინამო" გენერალურ დირექტორ ზაზა დოლიძესთან ძირითადად ორ საინტერესო თემაზე ვილაპარაკეთ. თბილისური კლუბის ახალ მაღალჩინოსანმ "ფეიენოორდისა" და "დინამოს" შეხვედრის შეფასება ვთხოვეთ და პლუს ამას, უეფას მიერ ქართული კლუბის მიმართ გამოტანილ ვერდიქტზეც ვხოვეთ განმარტება...

- თავდაპირველად, როტერდამში გამართული მატჩის შეფასება უნდა გთხოვოთ...

- "დინამოს" ძალიან არ გაუმართლა. ამ ანგარიშით წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ძალიან რთულია, როცა ისედაც სახელოვან და ძლიერ მეტოქესთან თამაშის დროს ყველა საფეხბურთო უიღბლობა შენს წინააღმდეგ ხდება.

ვგულისხმობ ფეხბურთელის გაძევებას, ავტოგოლს და 11-მეტრიანს, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა. "ფეიენოორდთან" მატჩამდე "დინამო" ძალიან ღირსეულად თამაშობდა როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ ასპარეზზე, გუნდში შექმნილია ყველა წინაპირობა, რათა ფეხბურთელებმა შეძლონ ქართველი გულშემატკივრის გახარება. მიმაჩნია, რომ თბილისში ნამდვილად გვექნება შანსი, ღირსეულად ვეთამაშოთ სახელოვან მეტოქეს და გავახაროთ ჩვენი ქომაგი.

- უეფას გადაწყვეტილებაზეც გკითხავთ...

- რაც შეეხება უეფას გადაწყვეტილებას 15 აგვისტოს მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების თაობაზე, ჩემი აზრით, გაუგებრობას აქვს ადგილი. ჩვენ გამოვითხოვეთ და მივიღეთ დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა რომ, ის რაც მატჩის დელეგატმა უეფას აცნობა, არ ყოფილა შენიშვნის მიზეზი მატჩის მიმდინარეობის დროს.

უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული ბანერი ფანებს გამოყენებული აქვთ არაერთხელ, სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამის შესახებ არანაირი შენიშვნა არც უეფასგან და არც სხვა ორგანოსგან "დინამოს" არ მიუღია. მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მკითხველს, გეტყვით, რომ ბანერზე გამოსახულია რიცხვი - "1988", რომელიც აღნიშნავს თარიღს, როცა "დინამოს" ფანკლუბმა გუნდთან ერთად საგარეო მატჩებზე დაიწყო დასწრება და პირველი ასეთი მატჩი იყო ვილნიუსში.

უბრალოდ, დიდი შრიფტით წერია "88" (ნეონაცისტური სიმბოლოა, რომელსაც შეესაბამება ლათინური ანბანის ასოები - HH, ანუ რომ გავშიფროთ - Heil Hitler - რედ), ხოლო "19" - პატარა შრიფტით. ეს  გადაწყვეტილება გასაჩივრდა შესაბამისი წესით და იმედს ვიტოვებთ, უეფა გაითვალისწინებს თბილისის "დინამოს" არგუმენტებს და მაყურებელს მისცემს შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ გუნდს.

 

http://bit.ly/2TnBlXy

გაზეთი ლელო

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024