უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში დინამო თბილისს მეტოქეობას ანდორის თასის მფლობელი - ენგორდანი გაუწევს. ანდორელებმა ორმატჩიან დუელში სან მარინოს ლა ფიორიტას 3:1 აჯობეს. ენგორდანმა პირველ მატჩში სტუმრად 1:0 იმარჯვა, ხოლო საშინაო შეხვედრაში 2:1 დაამარცხა მეტოქე.
ენგორდანი 1980 წელს დაარსდა და თავდაპირველად კლუბს სპორტინგ ესკალი ერქვა, 2001 წლიდან კი დღევანდელი სახელით მოიხსენიება. ამავე წლიდან გუნდი ანდორის ჩემპიონატში ჩაება და რამდენჯერმე მოუწია მეორე და პრიმერა დივიზიონებს შორის მიმოსვლა. ენგორდანის საუკეთესო შედეგად 2018 წელს ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილი ითვლება. 2016 წელს ჩვენმა მეტოქემ ანდორის თასის ფინალი დათმო, ხოლო წელს იგივე გათამაშების გამარჯვებული გახდა დაამარცხა რა ქვეყნის ჩემპიონი სანტა კოლომა ანგარიშით 2:0. წლევანდელი ჩემპიონატი ენგორდანიმ მეოთხე ადგილზე დაასრულა და სწორედ თასის მოგებთ მიიღო ევროთასზე ასპარეზობის უფლება.
ჩვენი ოპონენტი საშინაო მატჩებს ანდორა ლა ველას 1300 მაყურებელზე გათვლილ Estadi Comunal d'Andorra la Vella- ზე მართავს. საკლუბო ფერები კი შავ-თეთრშია გადაწყვეტილი. გუნდის კაპიტანი და ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი 35 წლის მარცხენა ვინგერი სებასტიან გომესი გახლავთ, რომელიც ანდორის ნაკრებში ასპარეზობს და დღემდე 31 მატჩიც ჩაუტარებია. ანდორის ეროვნულ ნაკრებში ასევე 23 წლის მცველი აარონ სანჩესი და 25 წლის ნახევარმცველი მარკ ფერე ასპარეზობენ. ენგორდანში არაერთი ესპანელი ლეგიონერი გამოდის, ასევე არიან ფეხბურთელები არგენტინიდან, პორტუგალიიდან, ურუგვაიდან, საფრანგეთიდან, ტუნისიდან და სერბეთიდან. ჩვენი ოპონენტის მთავარი მწვრთნელი 35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ფელიპე ბუშტო გახლავთ.