• Geo
  • Eng
21.07.2019
ჩვენი მეტოქე - გაბალა

დინამო თბილისი უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ გაბალას შეხვდება. პირველი მატჩი გაბალაში 25 ივლისს სითი სთედიუმზე გაიმართება და 19.00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრას დინამო არენა 1 აგვისტოს უმასპინძლებს.

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი გაბალა 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად გოი გიოლის სახელით გამოდიოდა. 2005 წლიდან გუნდს დაერქვა გილანი, ხოლო 2007 წლიდან დღევანდელი სახელით ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ჩვენი მეტოქე გაბალა სითი სთედიუმზე ატარებს, რომლის ტევადობაც 4500 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები წითელ და შავშია გადაწყვეტილი. გაბალა სპორტულ კლუბს წარმოადგენს, სადაც ფეხბურთის გარდა ასევე ძიუდოს, სროლის, კრივის, კარატეს და ტაეკვონდოს სექციებია გაერთიანებული.

გაბალა სამჯერ მიჯრით 2014, 2015 და 2016 წლებში აზერბაიჯანის პირველობის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, ხოლო შემდეგი ორი სეზონი გუნდისთვის ერთი საფეხურით უფრო წარმატებული გამოდგა და რადარებმა (გაბალას ზედმეტსახელი) ვიცე ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვეს მოიპოვეს. რაც შეეხება დასრულებულ ჩემპიონატს, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა. აზერბაიჯანის თასის ფინალში გაბალამ ოთხჯერ იასპარეზა და წელს მეოთხე ცდაზე თასიც მოიპოვა.

აზერბაიჯანელთა მთავარი მწვრთნელი 38 წლის ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი სანან გურბანოვი გახლავთ, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2018 წლიდან იკავებს, თუმცა გუნდის სამწვრთნელო შტაბში 2012 წლიდან მუშაობს. გასული რამდენიმე წლის მანძილზე გაბალაში ისეთ ცნობილ საფეხბურთო მოღვაწეებს უმუშავიათ აღნიშნულ პოსტზე, როგორიცაა ტონი ადამსი, დორინელ მუნტიანუ, იური სიომინი და რომან გრიგორჩუკი. სწორედ რომან გრიგორჩუკის მოღვაწეობის პერიოდში ითამაშა დინამომ გაბალასთან ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. თბილისში ჯაბა ჯიღაურისა და გიორგი პაპუნაშვილის გოლებით დინამოელებმა 2:1 იმარჯვეს, გაბალაში კი მასპინძლებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს სტუმართა გატეხვა, გაბალამ 2:0 იმარჯვა და ხსენებული გათამაშების ჯგუფურ ეტაპზეც მოახერხა გასვლა, სადაც დორტმუნდის ბორუსია, პაოკი და კრასნოდარი ელოდათ. იგივე წარმატება გაბალამ მომდევნო სეზონშიც გაიმეორა. ჯგუფში ამჯერად ანდერლეხტთან, სენტ ეტიენთან და მაინცთან იასპარეზა.

გაბალას შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელიც ირიცხება. 24 წლის ფორვარდი დავით ვოლკოვი და 26 წლის ნახევარმცველი მერაბ გიგაური. ვოლკოვი გუნდში სეზონის დასაწყისში გადავიდა და 13 ჩატარებულ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. გიგაური კი გაბალას ცოტახნის წინ შეუერთდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024