მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში თბილისის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა. ლევან შენგელია კარიერას თურქულ "ქონიასფორში" გააგრძელებს, აბდელ მეჯუბი კი საფრანგეთში წავიდა, სადაც "ბორდოს" ღირსებას დაიცავს. ამასთან დაკავშირებით, "ლელოსთან" ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ:
"რაც შეეხება ლევან შენგელიას, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ერთმანეთში მისი კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ახალი და უკეთესი ხელშეკრულებაც შევთავაზეთ და, შეიძლება ითქვას, მოლაპარაკებაც ბოლომდე იყო მისული...
თურქულის გარდა, მისი აყვანა ესპანურ და კიდევ რამდენიმე ევროპულ კლუბსაც სურდა... ჩვენი სურვილი კი იყო, შენგელია სეზონის ბოლომდე მაინც დარჩენილიყო "დინამოში", მოეგო გუნდური და ინდივიდუალური ტიტულები და დარწმუნებული ვარ, ეს მის კარიერასაც კარგად წაადგებოდა.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს მისით ცნობილი ევროპული კლუბებიც უფრო თამამად დაინტერესედებოდნენ... საბოლოოდ, ლევანმა მაინც წასვლა არჩია, რაც, მიმაჩნია, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. მე წარმატებას ვუსურვებ ლევან შენგელიას თავის ახალ კლუბში!..
ახლა რაც შეეხება აბდელ მეჯუბის, მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელი ჩვენს კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იმყოფებოდა. მისით ფრანგული ფეხბურთის გრანდი "ბორდო" დაინტერესდა და ჩვენც აღარ შევაფერხეთ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ "დინამოში" მოთამაშე ფეხბურთელებს მაღალი დონის ევროპული გუნდები აკვირდებიან და იგივე მოხდებოდა ლევან შენგელიას შემთხვევაშიც. მე ორივე მათგანს წარმატებას ვუსურვებ", - გვითხრა ფიფიამ.
გაზეთი ლელო. 4.9.2019
http://bit.ly/2lxtgTc