• Geo
  • Eng
01.08.2019
დინამომ ახალი დირექტორი წარადგინა

დინამო არენას მედია დარბაზში ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ, დინამოს ახალი გენერალური დირექტორი - ზაზა დოლიძე წარადგინა.

რომან ფიფია: მინდა ჩვენი გუნდის ახალი გენერალური დირექტორი წარმოგიდგინოთ, ბატონი ზაზა დოლიძე. მას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყველა კარგად იცნობთ. მინდა მადლობა ვუთხრა მას რომ ჩემს შემოთავაზებას დასთანხმდა. ზაზა დოლიძე ის ადამიანია, რომელიც გუნდში არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს.

ზაზა დოლიძემ დამსწრე საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნო: ვფიქრობ რომ დინამოს აქვს შესაძლებლობა, ფეხბურთი ხალხს დაუბრუნოს. შევეცდები რომ ჩემი გამოცდილებით გუნდის მუშაობა უფრო მრავალფეროვანი გავხადო და ვფიქრობ, საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ახალგაზრდულ ფეხბურთს. 4 წელი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გზამ ჩემს ხელში გაიარა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რომანს ნდობისათვის.

რომან ფიფიამ დინამოს განვითარების გრძელვადიან ხედვაზეც ისაუბრა: წლების წინ აკადემიის მშენებლობაზე საუბარი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ განვითარებისთვის გარკვეული დრო იყო საჭირო, დღეს კი თვალნათლივ ვხედავთ, რომ ახალგაზრდული ნაკრების უდიდესი ნაწილი დინამოს აკადემიის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ კვლავ ამ მიდგომით ვგეგმავთ განვითარებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024