კვირას 15 სექტემბერს, მიხეილ მესხი 2- ზე ვიტ ჯორჯია დინამო თბილისს უმასპინძლებს. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება.
15 სექტემბერს ეროვნულ პირველობაზე დინამოს ექვსი შეხვედრა აქვს გამართული. დინამომ ხუთ მათგანში იმარჯვა და ერთხელ დამარცხდა, ხოლო რაც შეეხება ბურთების ბალანსს 16/4 თბილისელთა სასარგებლოდ. 1990 წელს დინამომ ხობში ადგილობრივი კოლხეთი ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა. გია გურულის სამ გოლს, ზაზა რევიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა თითო მიამატეს. 1996 წელს ასევე გასვლაზე თბილისელებმა ქუთაისის ტორპედო 4:2 დაამარცხეს. მატჩში ლევან ხომერიკმა გამოიჩინა თავი, ხოლო გიორგი დემეტრაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა. 2002 წელს ჩვენმა გუნდმა რუსთავის გორდას უმასპინძლა. ვლადიმერ ბურდულის, გიორგი შაშიაშვილის და ვიტალი დარასელიას გოლებით მეტოქე 3:0 დაამარცხა. ასევე სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა დინამომ ცხინვალის სპარტაკთან 2007 წელს. ბესიკ ხაჭიპერიძის ავტოგოლს ილია სპასოევიჩმა და ჯორჯ აკირემმა თავისი გოლები მიამატეს. 2010 წელს კი იგივე სპარტაკი ლევან ხმალაძის გოლით 1:0 დაამარცხა ჩვენმა გუნდმა. 2012 წელს გორის დილამ 2:0 იმარჯვა.
სსრკ– ს პირველობაზე 15 სექტემბერს დინამომ რვა თამაში გამართა. აქედან ხუთში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა და ერთხელ დავმარცხდით. ბურთების ბალანსი 16/6. 1946 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გოლები შეხვედრაში გიორგი ანთაძემ (ორი) და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს. 1957 და 1961 წლებში მტკვრისპირელებმა მინსკის სპარტაკი და ტაშკენტის პახტაკორი ერთნაირი ანგარიშით 4:1 დაჯაბნეს. პირველ შემთხვევაში ორ–ორი გოლი ბადრი ხასაიამ და შოთა იამანიძემ გაიტანეს, ხოლო მეორე მატჩში თავი გამოიჩინეს მიხეილ მესხმა, ზაურ კალოევმა, შოთა იამანიძემ და ჯემალ ზეინკლიშვილმა. 1963 წელს მოსკოვის ცსკამ 3:0 დაამარცხა დინამო. 1971 წელს ერევანში ადგილობრივი არარატი მანუჩარ მაჩაიძის გოლით დავამარცხეთ. 1973– ში თბილისში მინსკელ სეხნიებს ვუმასპინძლეთ და ოთხი უპასუხო ბურთით ვაჯობეთ. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი გივი ნოდიამ გაუტანა ბელარუსებს. 1974 და 1979 წლებში დნეპროპეტროვსკის დნეპრთან და მოსკოვის სპარტაკთან ორი უგოლო ფრე ითამაშა ჩვენმა გუნდმა.
ევროასპარეზზე დინამო თბილისმა 15 სექტემბერს სამი მატჩი გამართა. 1976 წელს თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალში დინამო კარდიფ სიტისთან დამარცხდა ანგარიშით 0:1. 1982 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში თბილისელებმა იტალიურ ნაპოლის უმასპინძლეს. ნოდარ ხიზანიშვილისა და რამაზ შენგელიას გოლებით დინამომ 2:1 იმარჯვა. 1998 წელს ასევე უეფას თასის 1/32 ფინალში ჰოლანდიურმა ვილემ II- მა სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა თბილისური გუნდი.