დინამო თბილისი28 სექტემბერს ეროვნული პირველობის 29- ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება.
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 64 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 51 მოგება, 5 ფრე და 8 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც თბილისელთა სასარგებლოდაა 158/38.
დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 51 გამარჯვებიდან მეტოქე 21 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით 8:1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.
დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ბოლო დაპირისპირება 2019 წლის 27 ივნისს შედგა. ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დინამოელებმა 3 უპასუხო გოლით მოიგეს. ლევან შენგელიას დუბლს ერთი გოლი ლევან კუტალიამ მიამატა.