• Geo
  • Eng
02.10.2019
დინამომ საბურთალოს 2:1 მოუგო

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 23- ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალო მიიღო. მეტად პრინციპული შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას პატივი მიაგო. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, ნიკა ნინუას გასროლილი კი ზევიდან გადაცდა სტუმართა კარს. აღსანიშნავია, რომ დინამოელები სოლიდური დანაკლისით შეხვდნენ ამ მატჩს. გუნდს ტრავმების გამო ბაქარ ქარდავა, გიორგი კუხიანიძე და ლევან კუტალია აკლდა, დისკვალიფიკაციის გამო კი ნოდარ ქავთარაძე ტოვებდა შეხვედრას. მეოცე წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გიორგი რეხვიაშვილის თავური სანტიმეტრებში აცდა დინამოს კარს. ამის შემდეგ მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა მეტად სადაო ჯარიმა აღნიშნა და გოლი გააუქმა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და მიჯრით ორჯერ სახიფათო მომენტი შექმნეს საბურთალოს კართან. 42- ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ზუსტად გიორგი კოხრეიძემ ითამაშა. მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით განახლდა. არფან დაფე ამწვავებდა თამაშს, მაღალ სისწრაფეზე ჩამოიტოვა მეტოქე, თუმცა მახვილი კუთხიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია. დინამომ გაცილებით უმატა შეტევებს. ჯერ ისევ არფან დაფეს დარტყმული აცდა სანტიმეტრებში კარს, 69- ე წუთზე კი ნიკა ნინუამ საფირმო საჯარიმო დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო 1:1. ჯარიმა კი გიორგი ქიმაძის წაქცევას და ნიკა სანდოხაძის გაძევებას მოჰყვა. 75- ე წუთზე სტუმართა კარში გიორგი ზარიას წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, პენალტი გოლად ნიკა ნინუამ აქცია, დუბლი გაიფორმა და მასპინძლები დააწინაურა. მატჩის ბოლოსკენ ლურჯ-თეთრების რიგებში ლევან მჭედლიძის დებიუტი შედგა. დინამომ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. დედაქალაქელები მიჯრით 15 მატჩია არ დამარცხებულან, ამ შეხვედრებიდან დინამომ 13- ჯერ იმარჯვა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი ბათუმში 6 ოქტომბერს გამართავს.

 

დინამო  2:1  საბურთალო

 

გოლი: 0:1 კოხრეიძე 42’  1:1 ნინუა 69’  2:1 ნინუა (პენ) 75’ 

გაფრთხილება: სანდოხაძე 21’  მალი 30’  კუპატაძე 86’

გაძევება: სანდოხაძე 67’

 

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო, პაპავა, შიშკა (ზარია 50), ნინუა, ქიმაძე, დაფე (შულაია 87), კარიკარი (მჭედლიძე 90)

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, რეხვიაშვილი, ტერა (როლოვიჩი 77), ალთუნაშვილი, დიასამიძე, ტაბატაძე (ლაკვეხელიანი 58), კოხრეიძე (ჩაბრაძე 66), გაბედავა

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024