• Geo
  • Eng
02.10.2019
2 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

2 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატში დინამოს აქამდე ოთხი მატჩი ჩაუტარებია და მათგან სამში იმარჯვა, ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა. ეს შეხვედრა 2010 წელს ჩემპიონატის მეცხრე ტურში გაიმართა. დინამოს ქუთაისის ტორპედომ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. დედაქალაქელთა შემადგენლობიდან თავი დონალდ ჯუსმა გამოიჩინა. 2005 წელს, დინამომ თბილისის სპარტაკი სანდრო იაშვილის (2) და მიხეილ ბობოხიძის გოლებით გასვლაზე დაამარცხა ანგარიშით 3:0, ხოლო 1996 წელს თბილისელებმა ხაშურის ივერიას უმასპინძლეს და 8:2 დაჯაბნეს მეტოქე. ლევან ცქიტიშვილმა და გიორგი ანჩაბაძემ ჰეთ თრიქი გაიფორმეს. თითო გოლი გელა ინალიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს ქართლელთა კარში. 2011 წელს დინამომ ბოლნისში აჯობა ადგილობრივ სიონს. ჩისკო მუნიოსმა დუბლი შეასრულა, მესამე გოლი კი ალექსანდრე კოშკაძის ანგარიშზეა.

სსრკ– ს ჩემპიონატში დინამო თბილისმა 2 ოქტომბერს ექვსი თამაში ჩაატარა. აქედან ერთხელ ითამაშა ფრედ, ორჯერ წარმატებას მიაღწია, სამჯერ კი დამარცხდა. ერთადერთი ფრე ლენინგრადში ადგილობრივ ზენიტთან 1957 წელს ითამაშეს. 1:1 დასრულებულ მატჩში გოლი კარლო გაგნიძემ შეაგდო. 1960 წელს დინამო მოსკოვში სახალხო გუნდთან დამარცხდა 1:2, გოლი მასპინძლებს ზაურ კალოევმა გაუტანა. 1963 წელს დინამომ ლენინგრადში ადგილობრივ სეხნიასთან 0:2 წააგო. თბილისში კი ჩვენი გუნდი 1984 წელს მოსკოვის ტორპედოსთან გრიგოლ ცაავას გოლით 1:2 დამარცხდა. გამარჯვებას დინამომ უკრაინულ გუნდებთან მიაღწია, შესაბამისად დონეცკის შახტიორთან 1964 წელს ილია დათუნაშვილის და სლავა მეტრეველის გოლებით 2:1 იმარჯვა და 1977 წელს ლვოვის კარპატი დაამარცხა 3:1. გოლები ალექსანდრე ჩივაძემ, ვიტალი დარასელიამ და ვლადიმერ გუცაევმა შეყარეს. ორივე თამაში თბილისში გაიმართა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024