6 ოქტომბერს ბათუმში 30- ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო ბათუმი დინამო თბილისს უმასპინძლებს. შეხვედრა ანგისას ბაზაზე 20.00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 57 მატჩიდან 40- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 9 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 119/50 თბილისელთა სასარგებლოდ.
ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თერთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. რვაჯერ მატჩი 2:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს თბილისში, დინამო არენაზე შეხვდა. საინტერესო მატჩი, თბილისელთა გამაჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები გიორგი პაპავამ და ლევან კუტალიამ გაიტანეს.