• Geo
  • Eng
27.10.2019
27 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 27 ოქტომბერს ეროვნული პირველობის 32- ე ტურში დინამო საბურთალოს ვაკეში შეხვდება. მატჩი 15.00 საათზე დაიწყება.

27 ოქტომბერს ეროვნულ პირველობაზე დინამოს ცხრა მატჩი აქვს გამართული. აქედან რვაში თბილისელებმა იმარჯვეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბურთების ბალანსია 27/4. 1991 წელს ჩვენმა გუნდმა ზესტაფონში ადგილობრივი მარგვეთი დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა. კახი კაჭარავას ჰეთ თრიქსა და გელა ინალიშვილის დუბლს, ერთი ბურთი მიხეილ ყაველაშვილმა მიამატა. 1997 წელს ჭიათურაში მაღაროელთან 1:1 დასრულდა მატჩი. გოლი გიორგი კიკნაძემ გაიტანა. 2001 წელს ზაზა ზირაქიშვილის გოლით რუსთავში გორდა მინიმალური ანგარიშით 1:0 დავამარცხეთ. 2002 წელს დინამომ ფოთში კოლხეთს ხუთი უპასუხო ბურთით აჯობა. თავის გამოჩენა მიხეილ ამისულაშვილმა, მიხეილ ბობოხიძემ, გიორგი ანჩაბაძემ, ლადო ბურდულმა და რატი ალექსიძემ მოახერხეს. მომდევნო წელს ასევე რატი ალექსიძის დუბლით ასევე კოლხეთი 2:0 დავამარცხეთ. 2007 წელს თბილისელებმა ილია სპასოევიჩის და ჯორჯ აკირემის გოლებით ახალციხეში მესხეთს 2:0 აჯობეს. 2010 წელს ისევ კოლხეთი და ისევ 5:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ირაკლი ლექვთაძემ ორჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო თითო გოლი ლევან ხმალაძემ, დავით მუჯირმა და გივი კვარაცხელიამ გაიტანეს. 2012 წელს დინამომ ზესტაფონი მიიღო. მიკელ ალვაროს და ჩისკო მუნიოსის გოლებით ჩვენმა გუნდმა 2:1 მოიგო. 2018 წელს ზესტაფონში სამტრედიამ უმასპინძლა ჩვენს გუნდს. დინამომ შეხვედრაში ერთის წილ 8 გოლი გაუტანა სამტრედიელებს. ორ-ორი გოლი აკაკი შულაიამ, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ივანიშვილმა გაიტანეს. თითოჯერ კი ნომინალური მასპინძლის კარი ლაშა თოთაძემ და მათე ვაწაძემ აიღეს.

სსრკ– ს ჩემპიონატში 27 ოქტომბერს დინამო თბილისმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ამათგან ერთი თბილისელებმა მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსია 8/13. 1939 წელს მოსკოვში სპარტაკმა სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა დინამო. მომდევნო სეზონში ვოლგოგრადში როტორმა გვაჯობა 2:1. გოლი დინამოელთა შემადგენლობიდან ბორის პაიჭაძემ გაიტანა. 1959 წელს თბილისელებმა მოსკოვის ცსკა– ს დიდი ანგარიშით 4:1 აჯობეს. შეხვედრაში ზაურ კალოევმა ორჯერ გამოიჩინა თავი, თითო გოლი კი ვლადიმერ ბარქაიამ და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. 1963 წელს მტკვრისპირელები სახლში დამარცხდნენ. დონის როსტოვის სკა– მ მინიმალური ანგარიშით 1:0 გვაჯობა. 1976 წელს დონეცკის შახტიორმა 3:1 დაამარცხა ჩვენი გუნდი, გოლი კი ვიტალი დარასელიამ გაიტანა. 1978 წელს ლენინგრადში ზენიტმა 1:0 მოუგო დინამოს. 1989 წელს კიევში სეხნიებთან თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები თემურ ქეცბაიამ და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სსრკ– ს პირველობაზე ეს იყო დინამო თბილისის უკანასკნელი შეხვედრა. ამ მატჩის შემდეგ ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ფლაგმანი გამოეყო სსრკ– ს ჩემპიონატს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024