შაბათს, 19 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული პირველობის ოცდამეშვიდე ტურში რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა რუსთავში ფოლადის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.
19 აპრილს საქართველოს ჩემპიონატში დინამოს აქამდე ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული. 1996 წელს თბილისელებმა გორში ადგილობრივი დილა დიდი ანგარიშით 6–1 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გოგიჩაიშვილმა ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ხომერიკმა, იაშვილმა და ინალიშვილმა გაუტანეს დილას მეკარეს. 2006 წელს თბილისურ დერბიში ჩვენმა გუნდმა ლოკომოტივს სამი უპასუხო გოლით აჯობა. თავის გამოჩენა ბობოხიძემ, ვაწაძემ და ბურდულმა მოახერხეს. 2011 წელს დინამომ ზუგდიდის ბაიას უმასპინძლა. ხმალაძისა და კოშკაძის გოლებით თბილისელებმა 2–1 იმარჯვეს. 2013 წელს განმუხურში დინამომ ზუგდიდი დაამარცხა 2-0. გოლები გველესიანმა და ხმალაძემ გაიტანეს.
19 აპრილს სსრკ– ს პირველობაზე დინამომ ექვსი მატჩი გამართა. 1951 წელს დინამომ გორკის ტორპედოს უმასპინძლა და ხუთი უპასუხო ბურთით დაამარცხა. ორ–ორი გოლით ავთო პაიჭაძემ და ნიკოლოზ თოდრიამ გამოიჩინეს თავი. ერთი გოლიც ბასა ღოღობერიძის ანგარიშზეა. 1953 წელს თბილისელებმა მოსკოვის სპარტაკთან უგოლოდ 0–0 დაასრულეს მატჩი. ერთი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოსკოველ სეხნიებს უმასპინძლა და 1–2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ალიოშა კოტრიკაძის ანგარიშზეა. 1959 წელს დინამომ მოსკოვის სპარტაკი მიიღო და შეხვედრა ფრედ 1–1 დასრულდა. გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა. 1983 წელს მტკვრისპირელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი მიიღეს. რამაზ შენგელიას დუბლს ერთი გოლი გოჩა ჯოხაძემ მიამატა და თბილისელებმა სტუმრები 3–1 დაამარცხეს. 1989 წელს მინსკში გამართული დინამოელთა დერბი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.