დღეს დინამო თბილისი თავის მშობლიურ არენაზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს. შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით გაიმართება. აქამდე 2 აპრილს თბილისელებს რვა შეხვედრა ჩაუტარებიათ. ოთხი მატჩი ეროვნულ ასპარეზზე და ოთხიც სსრკ–ს პირველობაზე.
საქართველოს ჩემპიონატში დინამომ სამ შეხვედრაში იმარჯვა და ერთი მატჩი 2011 წელს, ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოსთან გატანილი ბურთების გარეშე დაასრულა. 1994 წელს, მეხუთე ჩემპიონატის მეხუთე ტურში დინამომ ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და ხუთი უპასუხო ბურთით დაამარცხა. გოლები იაშვილმა, ყაველაშვილმა, ჯამარაულმა, რევიშვილმა და ინალიშვილმა გაიტანეს. მერვე ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში 1997 წელს, თბილისელებმა ზუგდიდში ადგილობრივი ოდიში დემეტრაძის გოლითა და ხომერიკის დუბლით 3–1 დაამარცხეს. 2005 წელს ჩატარებული შეხვედრა გამორჩეულად შეიძლება ჩაითვალოს. მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამეშვიდე სათამაშო დღეს თბილისელებმა გორის დილას უმასპინძლეს და ცხრა უპასუხო გოლით დაამარცხეს. აღნიშნულ შეხვედრაში მელქაძემ ხუთი ბურთის გატანა მოახერხა, ხოლო დანარჩენი ოთხი გოლი ორბელაძის, დვალიშვილის, ჯელაძის და დვალის ანგარიშზეა.
სსრკ–ს პირველობაზე დინამოელებმა ასევე სამ შეხვედრაში იმარჯვეს და ერთი მატჩი დაამთავრეს ფრედ. ბურთების შეფარდება 9/5. 1967 წელს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2–2 დაასრულა. გოლები გივი ნოდიამ და მურთაზ ხურცილავამ გაიტანეს. 1970 წელს თბილისელებმა მინსკელ სეხნიებს უმასპინძლეს. გივი ნოდიასა და გურამ პეტრიაშვილის გოლებით აღნიშნულ შეხვედრაში დინამომ 2–1 იმარჯვა. 1977 წელს თბილისს კუიბიშევის კრილია სოვეტოვი ესტუმრა და 2–4 დამარცხდა. შეხვედრაში ორი გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა, თითოც რამაზ შენგელიამ და მანუჩარ მაჩაიძემ. 1979 წელს მტკვრისპირელებმა მინსკის დინამოს უმასპინძლეს და ვლადიმერ გუცაევის გოლით 1–0 დაამარცხეს მეტოქე.