დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის XI ტურის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ხვალ დინამოელები წაუგებელი სერიის გაგრძელებასა და უშუალო კონკურენტთან სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.
მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:
მიმდინარე სეზონში ქუთაისელთა მთავარი საფიქრალი ევროზონაში მოხვედრაა. ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში თასის გათამაშებაზე მეოთხედფინალს უწიეს, თუმცა ორ ფრონტზე მებრძოლნი საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, ზესტაფონთან ორ მატჩიან დაპირისპირებაში 2:3 დამარცხდნენ. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მიღმა დარჩენილი გია გეგუჩაძის შეგირდები უმაღლესი ლიგის საპრიზო ადგილებისთვის უკანასკნელ ტურამდე გააფთრებულ ბრძოლას აპირებენ.
მწვრთნელი და გუნდი:
მიმდინარე სეზონში ტორპედომ მთავარი მწვრთნელი სეზონის სტარტზევე გამოიცვალა და ქუთაისურ გუნდში სამუშაოდ გია გეგუჩაძე იქნა მიწვეული. გასული სეზონის ტრიუმფატორი მწვრთნელისთვის ტორპედოსთან ერთად პირველი სერიოზული გამოცდა, სწორედ დინამოსთან შეხვედრა იყო. 20 ნოემბერს, თბილისში, დინამო არენაზე გამართული კლასიკო, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული მატჩში თბილისელებმა 2:0 მოიგეს და ტორპედოსთან ურთიერთშეხვედრებში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დამაჯერებელი გამარჯვებით შეწყდა. გეგუჩაძის გუნდი ხვალინდელ შეხვედრას ამაღლებული განწყობით ხდება, ქუთაისელმა ფეხბურთელებმა თბილისურ მატჩამდე ორი დაპირისპირების მოგება ( ტორპედო 2:1 ზესტაფონი და ტორპედო 3:1 კოლხეთი ) მოახერხეს.
სუსტი და ძლიერი მხარეები:
ქუთაისური კლუბის სუსტ და ძლიერ მხარეზე საუბრისას რთულია არ გამოვყოთ დაცვის ხაზისა და მეკარის შეთანხმებული, ნაყოფიერი თამაში.გამოცდილი დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზთან შედარებით ტორპედო თავდასხმაში შედარებით სუსტად გამოიყურება. ქუთაისელთა შემტევი ხაზის საშუალო ასაკი 21 წლით განისაზღვრება, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც შემტევი კოლექტივიდან გამოცდილებით შეიძლება გამოვარჩიოთ, რევაზ გოცირიძე არის. პარტნიორებისგან განსხვავებით მრავლისმნახველ 31 წლის რევაზ გოცირიძეს არც გამოცდილება აკლია და არც ტიტულები. საქართველოს ორგზის ჩემპიონმა და თასის ფინალისტმა, თავისი კარიერის განმავლობაში 15–მდე კლუბში მოასწრო თამაში.
ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა:
მიგინეიშვილი – გამეზარდაშვილი, კვახაძე, რიგვავა, გურული – დიღმელაშვილი, დათუნაიშვილი, დოლიძე, თარხნიშვილი – გოცირიძე, საბანაძე