• Geo
  • Eng
03.11.2020
გამარჯვება დიდი ანგარიშით და რამდენიმე დებიუტი

დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე- 15 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დილამ დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქელებმა დისკვალიფიკაციის გამო გუნდის კაპიტანი გიორგი პაპავა (დინამოელები მოედანზე დავით კობოურმა გამოიყვანა) და ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი მოისაკლისეს.

შეხვედრა წვიმასთან ერთად დინამოელთა აქტიურობით დაიწყო და მეხუთე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. გიორგი კუცია გაიჭრა მარჯვენა ფრთაზე, ერთი ერთზე მყოფ გიორგი გაბედავას ზუსტი გადაცემა გაუკეთა და ჩვენი გუნდის ცხრა ნომერმა ასევე ზუსტად დაარტყა. მეათე წუთზე მასპინძელთა სახიფათო კონტრშეტევას სილვა ასრულებდა დარტყმით, ბურთი როინ კვახვაძემ მოიგერია. ხუთ წუთში დინამოელებმა უპირატესობა გაზარდეს. ვიტორ პერნამბუკუს ფინტებს და გადაცემას იაშვილი გამოეხმაურა, ბურთი გაისწორა და დილას კარში ლამაზი, ჩახვეული გოლი გაიტანა 0-2. შეხვედრის 21- ე წუთზე სტუმართა კარი გადაურჩა გაშვებულ გოლს, ლიდორ კოენი შეტევის მარცხენა ფრთიდან არტყავდა, ბურთი ნუგზარ სპანდერაშვილმა გაატარა და საბოლოოდ სამიზნეს მცირედით აცდა. ხუთიოდე წუთში ნოდარ ქავთარაძის ტექნიკური თამაში, გადაცემა მარჯვენა ფრთაზე და გიორგი კუციას ერთი შეხებით დარტყმული ამჯერად გორელთა კარს აცდა მცირედით. საბოლოოდ პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარი დილას სახიფათო მომენტით განახლდა. ჩაწოდებულ საჯარიმოს დავით მაისაშვილი თავურით აგვირგვინებდა, თუმცა ზუსტად ვერ დაარტყა. საპასუხოდ ნოდარ ქავთარაძე ქტიურობდა შეტევის მარცხენა ფრთაზე, მაგრამ საბოლოოს გიორგი ქიმაძის მიმართულებით გაკეთებული სახიფათო გადაცემა ამოს ნონდიმ ჩაჭრა. 72- ე წუთზე თბილისელთა შემადგენლობაში 17 წლის ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა, იგი ასევე ახალგაზრდა ანზორ მექვაბიშვილის ნაცვლად შევიდა მოედანზე. ასევე სადებიუტო გამოდგა დავით სხირტლაძესთვის დინამოს ფორმით თამაშის 77- ე წუთზე მოედანზე გამოჩენა, მან გიორგი გაბედავა შეცვალა. შეხვედრის 82- ე წუთზე პერნამბუკუს გადაცემის შემდეგ ლუკა გუგეშაშვილი დავით სხირტლაძეზე დაჯარიმდა, თერთმეტმეტრიანი დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და დედაქალაქელთა ფორმით სადებიუტო გოლიც გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა დინამომ სამბურთიანი უპირატესობით მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 8 ნოემბერს ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

 

დილა  0-3  დინამო

გოლი: 0-1 გაბედავა 5’  0-2 იაშვილი 15’  0-3 სხირტლაძე (პენ) 83’ 

გაფრთხილება: ეტოუ 7’  ქიმაძე 29’  მექვაბიშვილი 44’  ქავთარაძე 71’  გუგეშაშვილი 82’ 

 

დილა: გუგეშაშვილი, ხურცილავა, ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 73), მაისაშვილი (ლექვთაძე 58), სპანდერაშვილი, სანტოსი (ჩიტეიშვილი 63), კოენი, სილვა, ეტოუ, კოვტალიუკი

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე, მექვაბიშვილი (გაგნიძე 72), ქარდავა, კუცია (ორშულა 65), პერნაბუკუ, ქავთარაძე, გაბედავა (სხირტლაძე 77)

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024