• Geo
  • Eng
16.08.2013
დილა VS დინამო – მატჩამდე

17 აგვისტოს, 17:00 საათზე დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

ჩვენი მეტოქე

 

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერ ფერებშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში აღზევდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს.

 

 

მწვრთნელი და დილა

 

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, გორის დილას მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დევდარიანი დაინიშნა. შიდაქართლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას 4 ივნისს წარუდგინეს. გიორგი დევდარიანი სხვა და სხვა დროს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს თავკაცობდა. 2002 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა თბილისის თბილისში. გიორგი დევდარიანი 2011 წელს სათავეში ჩაუდგა დინამო თბილისის დუბლშემადგენლობას, 2012 წლის იანვრიდან – აპრილამდე კი დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით ჩატარებული 11 (6 ამხანაგური და 5 ოფიციალური) მატჩიდან, გორის დილამ 8 მატჩი მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა.

 

 

 

დინამოდან – დინამომდე

 

ჩვენმა გუნდმა გორის დილასთან უკანასკნელი მატჩი გასული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეშვიდე სათამაშო დღეს გამართა. 2013 წლის 27 აპრილს თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შემდგარი დილა – დინამო ჩვენი გუნდის გაარჯვებით – 1:0 დასრულდა. მას შემდეგ დილამ 14 მატჩი ჩაატარა. 4 ეროვნულ ჩემპიონატში: ზუგდიდი 1:2 დილა, ტორპედო 5:4 დილა, დილა 4:0 ჩიხურა, სიონი 1:2 დილა. 4 უეფას ევროპის ლიგის მეორე: დილა 3:0 ოლორგი (დანია), ოლბორგი (დანია) 0:0 დილა და მესამე საკვაფლიკაციო ეტაპზე ჰაიდუკი (ხორვატია) 0:1 დილა, დილა 1:0 ჰაიდუკი (ხორვატია). 6 კი – მოსამზადებელ ეტაპზე: დილა 6:0 იუსი ბესტი, დილა 5:0 ზოოვეტი, დილა 2:0 ჩიხურა, დილა 3:3 სიმურგი (აზერბაიჯანი), დილა 3:1 შანლიურფასპორი (თურქეთი), დილა 1:1 ვიტორულ კონსტანცა (რუმინეთი). უკანასკნელი მატჩი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სტუმრად ჩაატარა. ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში გორელებმა ბოლნისის სიონის მათსავე მოედანზე ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. სიონის კარში ორი გოლი გაიტანა გრიგოლ დოლიძემ, ბოლნისელთაგან შედეგიანი დარტყმა კი ლაშა თოთაძემ შეასრულა.

 

 

დილა VS დინამო

 

დღემდე დინამო თბილისი და გორის დილა ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 49–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 7 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 139:22 არის. დინამო და დილა ერთმანეთს უკანასკნელად საქართველოს XXIV ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურში, 27 აპრილს დაუპირისპირდნენ. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. დაპირისპირების 87–ე წუთზე გამარჯვების გოლი მიკელ ალვარომ გაიტანა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

ხვალინდელი მატჩის წინ დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელების მოსაკლისება დინამოს მსგავსად, არც გორის დილას მოუწევს. გუნდები მოახლოებულ მატჩს მაქსიმალურად ოპტიმარული შემადგენლობებით ხვდებიან.

 

 

 

დილა VS დინამო – მსაჯი

 

გორის დილას და დინამო თბილისის ხვალინდელ დაპირისპირებას თორნიკე გვანცელაძე განსჯის, რომელსაც ასოსტენტობას დ. ჩიგოგიძე და ზ. ფიფია გაუწევენ. მასვე დაეხმარებიან ბ. ნინუა და გ. დოგრაშვილი. მეოთხე მსაჯი კი ჯ. ხორავა იქნება.

 

 

დილას სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

 

რევიშვილი – ალადაშვილი, ხიზანეიშვილი, თომაშვილი, კვახაძე – დოლიძე, გვალია, მაისურაძე, გორელიშვილი, ბოლქვაძე – ილურიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024