დღეს სამტრედიაში საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა სამტრედიამ დინამო თბილისს უმასპინძლა.
დინამოელები მოედანზე კაპიტნის სამკლაურით სადებიუტო შეხვედრაში ჯიმი ტაბიძემ გაიყვანა. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა, რომელიც ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოსკენ ლევან ოსიყმაშვილის გადაცემით დმიტრი ანტილევსკიმ გახსნა. დინამომ პირველი ნახევარი ერთი ბურთით მოიგო. მეორე ტაიმი იმავე სცენარით გაგრძელდა, ანგარიში კი 70-ე წუთზე გაიზარდა. გოდფრი სტეფენის გადაცემის შემდეგ სტანისლავ ბილენკიმ ტექნიკურად და ზუსტად ითამაშა 0-2. ოთხ წუთში დინამოში სამმაგი ცვლილება განხორციელდა და მოედანზე ლურჯი მაისურით სამი დებიუტანტი ვიხილეთ. ახალგაზრდა გაბრიელ სიგუამ, თემურ გოგნაძემ და ლუკა ლაცაბიძემ პირველად მოირგეს პირველი გუნდის ფორმა. შეხვედრაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მასპინძლებმა ლევან ბარაბაძის გოლით ანგარიში შეამცირეს და მატჩიც დასრულდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საქართველოს თასის 1/8 ფინალში ბათუმში, ადგილობრივ დინამოს 13/14 სექტემბერს შეხვდება.
შემადგენლობა და მატჩის ოქმი
ფოტოამბავი