დინამო აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.
ლუკა პარკაძე დინამოს აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული თურანის წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და
თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.
დინამო თბილისი ჩვენი აკადემიის აღზრდილ, კიდევ ერთ ნიჭიერ, ფეხბურთელს მომვალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებას უსურვებს.