გორში ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა.
მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა დინამომ მეთოდურად მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, შეხვედრის მე-20 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემის შემდეგ უსმანე კამარამ ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მცველი, საჯარიმოში შეირბინა და ზუსტი ტექნიკური დარტყმით გოლიც გაიტანა. ექვსიოდე წუთში კამარამ (რომელიც აღსანიშნვია, რომ მთელი მატჩის მანძილზე ამწვავებდა დინამოელთა შეტევებს) ზუსტი პასით ულად ომარ იმრანი მოძებნა, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი საბურთალოს კარის ბადეში აღმოჩნდა 0-2. ნიდერლანდელისთვის ეს დინამოს ფორმით გატანილი სადებიუტო გოლია. მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვითვა ასევე ექვს წუთში მოახერხეს, შედეგიანად გიორგი გოჩოლეიშვილმა ითამაშა და ტაიმი 1-2 დასრულდა. მეორე ნახევარში გაცილებით დაძაბული და აქტიური თამაში გაჩაღდა, იყო რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც, რამდენჯერმე ორივე გუნდმა საკმაოდ გაამწვავა შეტევა. შეხვედრის კულმინაცია კი ბოლო წუთზე დავით კერესელიძის და გურამ გოშთელიანის დუელი აღმოჩნდა, დინამოელთა გოლკიპერმა რთული დარტყმული მოიგერია და დინამომ იმარჯვა.
მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 1 სექტემბერს ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი