დღეს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე საქართველოს თასის 1/8 ფინალის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა.
მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველ ხუთ წუთში ჯერ თბილისელთა კარი იხსნა ხარიხამ, საპასუხოდ კი ბათუმელთა საჯარიმოში ბოლო წამს მცველმა უკუაგდო ბურთი კუთხურზე, ფაქტიურად დაუცველი კარიდან. ცოტახანში ლუკა კუტალაძემ ბენჟამინ ტეიდის ახლო მანძილიდან ძლიერად დატყმული ბურთი მოიგერია. პირველი ტაიმი ურთიერთშეტევებში და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმი თბილისელების აქტიურობით დაიწყო, 53-ე წუთზე კი დავით კობოურის გადაცემის შემდეგ, ანზორ მექვაბიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. მატჩი ურთიერთშეტევებით და დასკვნით ფაზაში არაზუსტი თამაშით გაგრძელდა. 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, გოლი არც დამატებით ტაიმებში გასულა და საბოლოოდ მეოთხედფინალის საგზური პენალტების სერიას მიანდეს.
თერმეტმეტრიანების სერია ჯიმი ტაბიძის ზუსტი დარტყმით გაიხსნა. ვლადიმერ მამუჩაშვილის დარტყმული ბურთი კი ლუკა კუტალაძემ უკუაგდო. მომდევნო გასროლა უსმანე კამარამ ზუსტად შეასრულა და დინამო ორი ბურთით დააწინაურა. ლუკა კუტალაძემ დუელი გუგა ფალავანდიშვილსაც მოუგო და დედაქალაქელებმს სერიოზული ფორა მისცა, თუმცა იმრან ულად ომარის დარტყმული ბურთი კარს აცდა და მდგომარეობა ოდნავ დაიძაბა. ლუკა კუტალაძემ შეიძლება ითქვას ბენეფისი მოიწყო და გრიგოლ ჩაბრაძის დარტყმულიც მოიგერია. ბურთთან გიორგი მოისწრაფიშვილი მივიდა, მიზანში გაისროლა და დინამო თბილისი მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი