საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის IV ტურის შეხვედრაში დინამო–2 თერჯოლის საპოვნელას დაუპირისპირდა. მატჩი ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გაიმართა. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლიეს.
მატჩის პირველი ნახევარი ორმხრივ შეტევებში წარიმართა. დაპირისპირების მეათე წუთზე სტუმართა მეათე ნომერს, ლევან შავგულიძეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა გამოსვლაზე დინამოელთა კიპერმა კარგად ითამაშა, თორნიკე ზარქუამ სახიფათო სიტუაცია გაანეიტრალა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მწვავე საპასუხო შეტევა 12–ე წუთზე განახორციელეს. საბა ლობჟანიძემ კარგი პასი გადააწოდა ირაკლი ლექვთაძეს, რომლის დარტყმულიც სტუმართა მეკარის ნადავლი აღმოჩნდა. თერჯოლელმა ფეხბურთელებმა მორიგი სახიფათო იერიში 16–ე წუთზე განახორციელეს, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლევან შავგულიძემ თავით დინამოს კარის მიმართულებით გაგზავნა, კარის ხაზიდან ბურთი სანდრო გურეშიძემ მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს დედაქალქელმა ფეხბურთელებმა რეალური საგოლე ეპიზოდი ვერ გამოიყენეს, 44–ე წუთზე საჯარიმოში შესულმა დავით ხოჭოლავამ საპოვნელას მეკარე ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა, ბურთი თანაგუნდელ ბიძინა მახარობლიძეს გადააწოდა, რომელმაც ფაქტობრივად ცარიელ კარს ააცილა.
მეორე ტაიმში დინამო–2 კიდევ უფრო აქტიურად უტევდა მეტოქე გუნდის კარს. შეხვედრის 48–ე წუთზე სტუმართა მეკარემ, ალექსანდრე გიორგაძემ გაჭირვებით მოიგერია ბიძინა მახარობლიძის დარტყმული. მატჩის 51–ე წუთზე კვლავ ალექსანდრე გიორგაძემ ითამაშა კარგად, სანდრო გურეშიძის თავური დარტყმის შემდეგ სტუმართა მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ირაკლი ლექვთაძემ დაპირისპირების 53–ე წუთზე გაიტანა. დარჩენილ წუთებში ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ გუნდს კიდევ რამდენჯერმე შეეძლო მეტოქე გუნდის კარში გოლის გატანა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:0.
დინამო–2 1:0 საპოვნელა
გოლი: 1:0 ლექვთაძე 53’
დინამო–2: ზარქუა, კაკაბაძე, გიორგი ლობჟანიძე, სამხარაძე, გურეშიძე, მახარობლიძე (ჯიშკარიანი 62’), ჭეჭელაშვილი, საბა ლობჟანიძე (მათიაშვილი 75’), რუხაძე (ოთარაშვილი 66’), ლექვთაძე, ხოჭოლავა
საპოვნელა: გიორგაძე, ბაქრაძე, ბუცხრიკიძე, ენდელაძე, ჩხიკვაძე, ჭრელაშვილი, იაგო დეისაძე (დარახველიძე 65’), შუღლაძე (არეშიძე 72’), ცქიფურიშვილი (აბულაძე 77’), შავგულიძე იაკობ დეისაძე
გაფრთხილება: ლექვთაძე, რუხაძე