12 ოქტომბერს დინამო არენა დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის ¼ ფინალს უმასპინძლებს, რომელშიც დინამო თბილისი გორის დილას დაუხვდება.
თითქმის 6 წელი გავიდა რაც, დინამო არენაზე ბოლო თასის მატჩი ჩატარდა (2016 წლის ნოემბერი). მას შემდეგ დინამომ ყველა სათასო შეხვედრა მეტოქიდან თუ წილისყრიდან გამომდინარე სტუმრად გამართა.
სათასო დაპირისპირებებში შეიძლება ითქვას, რომ დინამო და დილა ტრადიციული მეტოქეები გახლავთ. ამ გუნდების გზები აქამდე 7-ჯერ გადაიკვეთა. 14 ჩატარებული მატჩიდან კი დედაქალაქელებმა 10 მოიგეს და 3 ყაიმით დაასრულეს, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 29/8. 7 დუელიდან დინამო 6-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პირველად თბილისური და გორული გუნდები თასზე 1996 წელს გადაიკვეთნენ. ¼ ფინალის პირველი მატჩი 4 მარტს გორში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. გოლები ლევან ხომერიკმა, გიორგი დემეტრაძემ და გიორგი კიკნაძემ გაიტანეს. საპასუხო მატჩი დინამოზე 8 მარტს შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გიორგი დემეტრაძემ აქაც გაიტანა, პლუს თავი კახი გოგიჩაიშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა და ლევან კობიაშვილმა გამოიჩინეს. (საბოლოოდ დინამომ თასიც მოიპოვა)
1998 წლის 14 აპრილს ეს გუნდები გათამაშების ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 14 აპრილს დინამო სახლში 1-2 დამარცხდა. გოლი დავით მუჯირმა გაიტანა. 26 აპრილს თბილისელებმა გასვლაზე ლევან ხომერიკის დუბლით და მიხეილ აშვეთიას გოლით 3-1 მოიგეს და ფინალსაც უწიეს.
მესამედ დინამო/დილა 2000 წლის 15/22 მარტს შედგა. დინამომ სახლში 4-0 მოიგო, ხოლო გორში 4-1. პირველ მატჩში კლიმენტი წიტაიშვილმა დუბლი გაიფორმა, თითო გოლი კი მიხეილ ხუციშვილმა და გიორგი ანჩაბაძემ გაიტანეს. მეორე მატჩში არჩილ სახვაძემ თორნიკე რუხაძის გოლს - ჰეთ თრიქი მიამატა.
კიდევ ერთი ნახევარფინალი თბილისელთა და გორელთა შესრულებით 2004 წელს გაიმართა. 20 აპრილს დინამომ დინამოზე ლადო ახალაიას გოლით 1-0 მოიგო, ხოლო 5 მაისს იმავე ანგარიშით და სანდრო იაშვილის გოლით იმარჯვა სტუმრად. (თასი დინამომ მოიგო)
2011 წელს გუნდები, ამ პაექრობების ყველაზე ადრეულ ეტაპზე 1/16 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ორი ყაიმის შემდეგ გამარჯვებული დილა გამოვიდა. 28 სექტემბერს თბილისელებმა მეტოქეს მაშინდელ სანაკრებო ბაზაზე ‘ბასა’ უმასპინძლეს და 2-2 დაცილდნენ. გოლები ჯამბულ ჯიღაურმა და გიორგი კახელიშვილმა გაიტანეს. საპასუხო შეხვედრა კი გოლების გარეშე დასრულდა.
2014 წელს ისევ ნახევარფინალი. 8 აპრილს დედაქალაქელებმა ოთარ მარცვალაძის გოლით 1-0 იმარჯვეს. 23 აპრილს კი დინამომ სტუმრად 4-2 მოიგო. ოთარ მარცვალაძემ ორჯერ აიღო გორელთა კარი, თითო ზუსტი დარტყმაც გიორგი რეხვიაშვილმა და გიორგი მერებაშვილმა შეასრულეს. (აქაც ფინალში დინამომ იმარჯვა)
ბოლოს თასზე დინამოს და დილას გზები 2015 წელს მეოთხედფინალში გადაიკვეთა. 18 თებერვალს გორში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 9 მარტს კი დინამომ ოთარ კაკაბაძის გოლით 1-0 მოიგო. (ეს თასიც დედაქალაქელებმა მოიგეს)