• Geo
  • Eng
16.10.2022
სამი ქულა ბოლნისიდან

დღეს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სიონმა დინამოს უმასპინძლა.

 

შეხვედრამ მთლიანად წვიმის ფონზე ჩაიარა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს და მატჩის ბოლომდე აღარ დაუთმიათ. ტაიმის შუაში ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო და იძულებითი ცვლილების გაკეთება გახდა საჭირო. 36-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძეს შეეძლო მეკარესთან პირისპირ დარჩენა, თუმცა ბოლო იმედის ჯარიმით ივა გელაშვილმა შეაჩერა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. დინამოელები მეთოდურად ამწვავებდნენ შეტევებს და პირველი ნახევრის ბოლოს ლამაზი კომბინაციით აიღეს კიდეც მასპინძელთა კარი, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარეზე მიუთითა. მეორე ტაიმში დინამოელთა უპირატესობა საგრძნობლად გამოიკვეთა. რამდენიმე ეპიზოდში მეკარემ იხსნა ბოლნისელთა კარი, რამდენჯერმე კი დინამოელთა შეტევა არაზუსტად დასრულდა. მასიურმა შეტევებმა საბოლოო შედეგი 73-ე წუთზე გამოიღო. გაბრიელ სიგუას გადაცემით დავით სხირტლაძემ ისარგებლა და ანგარიშიც გაიხსნა. მატჩის 85-ე წუთზე გიორგი გაბედავამ ძლიერი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და საფინალო შედეგიც დააფიქსირა. დინამოელებმა ამ მოგებით 66 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი გაიმყარეს.

 

შემდეგ მატჩს 22 ოქტომბერს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024