დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ჩვენს გუნდს მეტოქეობა ფოთის კოლხეთმა გაუწია.
მატჩის პირველივე წუთებიდან დინამომ აქტიურად დაიწყო თამაში და მალევე მნიშვნელოვანი უპირატესობა მიიღო, რის შემდეგაც მთელი შეხვედრის რიტმი აკონტროლა. მე-11 წუთზე საბა ხარებაშვილის კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს გიორგი გვასალიამ შორეული ძელისკენ შეუცვალა მიმართულება, სადაც მათე ვაწაძემ დასწრებაზე ზუსტი თავურით ითამაშა 1-0. ოთხ წუთში დინამოელთა მორიგი შეტევისას ვაკო გვილიამ მარჯვენა ფრთაზე მოძრავი თორნიკე მორჩილაძე შენიშნა, რომელმაც საჯარიმოში შეირბინა და შედეგიანად დაარტყა 2-0. დინამო მეთოდურათ უტევდა და კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა ფოთელთა კართან. ერთი სახიფათო მომენტი სტუმრებსაც ჰქონდათ მეორე ტაიმის შუაში, რა დროსაც სტეფან სიკაჩმა ითამაშა დამაჯერებლად და ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრები 10 კაცით დარჩნენ - უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი სულეიმან მეიტემ მიიღო. ბოლოსწინა წუთზე კი მასპინძლებმა საფინალო ანგარიში დააფიქსირეს - წამოწყებული კონტრშეტევა ბოგდან პოტალოვმა გრძელი პასით გააგრძელა, ოთარ აფციაური ფაქტიურად პირისპირ გაიჭრა, პასი ნოდარ ლომინაძეზე გააკეთა, რომელმაც ტექნიკურად ითამაშა და ლამაზი გოლით მატჩი დაასრულა 3-0.
მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი დინამო არენაზე 8 მაისს გამართავს, ჩვენი გუნდი თელავს უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი