დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა (პირველი ტური ბათუმში დიდთოვლობის გამო გადაიდო), რომელშიც დედაქალაქელებმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს.
თავიდანვე აღსანიშნავი, იშვიათი და გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა - არამარტო საქართველოს ჩემპიონატის, არამედ საერთოდ საფეხბურთო დღევანდელობაში. დღეს ლურჯ-თეთრების განაცხადი მთლიანად დინამოს აკადემიის აღზრდილებისგან შედგებოდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მატჩზე სპეციალურად ამ საიუბილეო სეზონისთვის დამზადებული სათამაშო ფორმით იხილა გულშემატკივარმა.
მათე ვაწაძე და ცოტნე ბერელიძე მატჩში გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარნენ, ნიკოლოზ უგრეხელიძე კი მცირე ტრავმის გამო გამოგვაკლდა. რაც შეეხებათ გუნდის ახალწვეულებს, ისინი დინამოს სასეზონო განაცხადს მომავალი მატჩისთვის დაემატებიან.
თავად მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც მალევე გახსნეს. მე-10 წუთზე ნოდარ ლომინაძის აქტიურობა და ტექნიკური თამაში, ირაკლი იაკობიძემ შედეგიანი დარტყმით დაასრულა 1-0. რამდენიმე წუთში უკვე სტუმართა აქტიურობას მოჰყვა ხიფათი და დედაქალაქელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მიხეილ მაქაცარიამ მოიგერია. შეხვედრის დაწყებიდან ერთი საათის თავზე კი მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა თბილისელთა კარში, რომელიც ლუკა ხორხელმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩი საყაიმო ანგარიშს უახლოვდებოდა, როდესაც მსაჯის მიერ კომპანსირებულ მე-5 წუთზე ნიკა ნინუამ დაახლოებით 20 მეტრიდან თავის საფირმო სტილში გაისროლა და დედაქალაქელებს სამი ქულა მოუტანა.
დასრულებულ მატჩში 6 დინამოს აკადემიის აღზრდილის დებიუტი შედგა - ნიკა ჩიქოვანმა, გელა სადღობელაშვილმა, ოთარ აფციაურმა, ლუკა წულაიამ, თემო ოდიკაძემ და საბა ახალკაცმა პირველი წუთები გაატარეს მინდორზე დინამოს მთავარი გუნდის მაისურით.
მომდევნო შეხვედრას დინამოელები 10 მარტს ქობულეთში, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი