საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე მასპინძლობენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2-ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2-ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად და საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე - ღირსეულად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 2020 და 2021 წლების გათამაშება კახელებმა მეექვსე ადგილზე დაასრულეს. 2022 წელს მეშვიდე ადგილი დაიკავეს, ხოლო 2023 წელს მერვე პოზიციაზე გავიდნენ.
ურთიერთშეხვედრები თელავთან
თბილისელები და თელაველები ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდნენ. 8 მატჩი დინამომ მოიგო, 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 2-ჯერ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 30/15 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.
2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. 2021 წლის 31 ოქტომბერს დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. 2022 წლის 10 აპრილს ეს გუნდები თელავში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრედ 1-1 დაცილდნენ. გოლი მასპინძელთა კარში ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა. 25 მაისს დინამო არენაზე დედაქალაქელებმა 3-2 მოიგეს. ვაჟა ფაცაციას ავტოგოლს ორი გოლი თორნიკე კირკიტაძემ და სტანისლავ ბილენკიმ მიამატეს. 5 სექტემბერს თელავში ჩატარებული შეხვედრა დინამომ იმრან ულად ომარის და თორნიკე კირკიტაძის გოლებით 2-1 მოიგო. 10 ნოემბერს ასევე იმრანის გოლი და დინამო არენაზე გამართული შეხვედრა 1-1 მორჩა. 2023 წლის პირველი დაპირისპირება, რომელიც 18 მარტს თელავში გაიმართა საყაიმო ანგარიშით 2-2 დასრულდა. გოლები მასპინძლებს გაბრიელ სიგუამ და უსმანე კამარამ გაუტანეს. მეორე წრის შეხვედრა 14 მაისს გორში გაიმართა და ურთიერთშეხვედრებში სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა. დედაქალაქელებმა მეტოქეს 6-1 აჯობეს. სხვაობაც რეკორდულია და გატანილი გოლების რაოდენობაც. შეხვედრაში გოლები იმრან ულად ომარმა, უსმანე კამარამ, გიორგი მაისურაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა, ალექსანდრე კალანდაძემ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. 25 აგვისტოს ჩვენს ოპონენტს თელავში პირველი წრის მატჩის დარად 2-2 დავცილდით. გოლები გიორგი ხარაიშვილის და მუსა სანგარეს ანგარიშზეა. ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ 4 ნოემბერს შეხვდნენ, დინამომ კი 4 უპასუხო გოლით მოუგო მეტოქეს. გოლები უსმანე კამარამ, გიორგი ხარაიშვილმა და ზორან მარუშიჩმა (2) გაიტანეს.
2024 წლის პირველობის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ბოლოს დარად 4-0 დასრულდა. ამ შემთხვევაში უკვე თელავმა იმარჯვა საკუთარ კედლებში. ეს გახლდათ ამ გუნდების ისტორიაში თელაველთა მეორე გამარჯვება და ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა კახელთა სასარგებლოდ. მეორე მატჩი 26 აპრილს გატანილი გოლეის გარეშე მორჩა, ხოლო 10 აგვისტოს თელავში გამართული მატჩი დინამომ დომინიკ რაიტერის გოლით 1-0 მოიგო.