• Geo
  • Eng
19.10.2024
დინამო სახლში დაბრუნდა და დიდი ანგარიშით იმარჯვა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა თელავს უმასპინძლეს. თვენახევრის შემდეგ დინამო საკუთარ სტადიონს დაუბრუნდა (ამ პერიოდში სათამაშო გაზონის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა) და დიდი ანგარიშითაც იმარჯვა.

 

მატჩზე განსაკუთრებული სტუმრები გვყავდა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საფეხბურთო კლუბი ვორიორსი. დინამოელებმა პატარა გულშემატკივრებს უმასპინძლეს და სიმბოლური საჩუქრის სახით სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს.

 

თავად მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და სადებიუტო წუტებს თუ არ ჩავთვლით, თბილისელებს მოპოვებული სათამაშო უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა - კუთხურიდან შედეგიანად ნიკა ნინუამ ჩააწოდა, ბურთს კი ზუსტი თავურით კარისკენ მიმართულება საბა ხვადაგიანმა შეუცვალა 1-0. მეორე გოლი ტაიმის ბოლოსკენ იდენტურ სიტუაციაში გავიდა, ნინუას კუთხური და ამჯერად თავი ვახო სალიამ გამოიჩინა. შეხვედრის დაწყებიდან ერთი საათის თავზე ვახო სალიამ დუბლიც გაიფორმა. ახალგაზრდა შემტევმა ბენსონ ანანგის დარტყმის შემდეგ მოგერიებულ ბურთს შედეგიანი დარტყმა შეაგება 3-0. ექვსიოდე წუთში შეცვლაზე შემოსულმა დომინიკ რაიტერმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი ვასილიოს გორდეზიანს გადააწოდა და 4-0. თელაველებმა ერთი გოლის გატანა 78-ე წუთზე შეძლეს, ძლიერი დარტყმით დეიან გეორგიევიჩი გამოირჩა. ორიოდე წუთში კი დინამოში დაბრუნებულმა მათე ვაწაძემ ბენსონის პასის შემდეგ ტექნიკურად ითამაშა, მეკარეს ბურთი ზემოდან გადაავლო და საფინალო ანგარიში 5-1 დააფიქსირა. გოლის შემდეგ დედაქალაქელთა შემადგენლობაში კიდევ ერთი დებიუტი შედგა. პირველი გუნდის ფორმა 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი ცეცხლაძემ მოირგო. 

 

ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს ქუთაისში გამართავს. ქართული დერბი შენგელია არენაზე 21.00 საათზეა ჩანიშნული.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024