• Geo
  • Eng
10.09.2022
დინამომ სამგურალს 3-0 მოუგო

დინამო არენაზე კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს.

 

დღევანდელი შეხვედრა დინამოს ლეგენდარული კაპიტნის - ავთანდილ ‘ბასა’ ღოღობერიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მატჩზე ფეხბურთელები გიორგი ჭიაბრიშვილის მხარდამჭერი მაისურებით გამოვიდნენ. მატჩის დაწყებამდე ჩვენი გუნდის კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ასნომრიანი მაისური ბასას შვილს - თენგიზ ღოღობერიძეს გადასცა. კაპიტანმა საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასი გოლის გამტანი გიორგი გაბედავაც დააჯილდოვა.

 

თავად მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე დაწინაურდნენ. შეხვედრის მე-6 წუთზე დავით სხირტლაძის გადაცემით ბარნს ოსეიმ შედეგიანად ისარგებლა და შორი მანძილიდან გასროლით გახსნა ანგარიში. ერთ წუთში დინამოელებმა კიდევ ერთხელ აიღეს სტუმართა კარი. გოლი თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა 2-0. ორივე ფეხბურთელმა გატანილი გოლი ტრავმირებულ დავით კერესელიძეს მიუძღვნა. მატჩი ორივე გუნდმა შეტევებში გააგრძელა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, თუმცა გოლების გარეშე და ტაიმიც 2-0 მორჩა. მეორე ნახევარი გუნდებმა იმავე რიტმში განაახლეს. მიჯრით ხარიხა და ძელიც გაცვალეს. 64-ე წუთზე დინამოელთა სწრაფ კონტრშეტევას ბარნს ოსეი ასრულებდა, მისი დარტყმული ბოლო წამს ლევან შოვნაძემ მოიგერია, შემდეგ კი ჯერ უსმანე კამარას დარტყმული სანტიმეტრებში აცდა სამგურალის კარს, ხოლო სტანისლავ ბილენკის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული თავური წყალტუბოელთა მეკარემ მოიგერია. დინამოელებმა მესამე გოლი შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტანეს. გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემით სტანისლავ ბილენკიმ ისარგებლა. მატჩი დედაქალაქელებმა 3-0 მოიგეს.

 

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 14 სექტემბერს ბათუმში, საქართველოს თასის 1/8 ფინალში, ადგილობრივ დინამოსთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022