• Geo
  • Eng
12.09.2021
თელავი - დინამო | მატჩამდე

33- ე ჩემპიონატის 23- ე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი თელავს დაუპირისპირდება. მატჩი თელავში, კავკასიონი არენაზე 19.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე მასპინძლობენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2- ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად და საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე - ღირსეულად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 2020 წლის გათამაშება თელავმა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

 

 

მწვრთნელი და ურთიერთშეხვედრები

თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაისის თვიდან გიორგი მიქაძე მუშაობს. მისი გუნდი 22 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 22 ქულით, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

დინამო და თელავი აქამდე ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 2019 წლის 20 იანვარს დიღმის ბაზაზე 1-1 დასრულებულ მატჩში (გოლები ფრან კარბიამ და ლაშა კუკუჯანაშვილმა გაიტანეს) და 15 ნოემბერს დინამო არენაზე უგოლოდ დამთავრებულ შეხვედრაში. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, 2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი ამა წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დღევანდელ შეხვედრას გოგა კიკაჩეიშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას გ. ელიკაშვილი და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ი. კვირიკაშვილი შეასრულებს. მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დინამოელი ფაბიან სპორქსლედე გამოტოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024