• Geo
  • Eng
22.07.2021
დინამომ მაქაბისთან მატჩი 1-2 დათმო

დღეს დინამო არენაზე უეფას კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ჰაიფას მაქაბის უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე დინამოს დაწინაურება მართებდა. ბაქარ ქარდავამ ერთი შეხებით ზორან მარუშიჩი მეკარეს პირისპირ შეატოვა, თუმცა სერბმა ფორვარდმა ვერ ივარგა და მომენტი განიმუხტა. საპასუხოდ, როგორც ხდება ხოლმე ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო წესი - ვერ გაიტან, გაგიტანენ და მერვე წუთზე ომერ აცილიმ არ ააცილა და ზუსტად ითამაშა. დინამომ ორი კვირის წინ ჩატარებული მატჩის დარად მოახერხა სათამაშო უპირატესობის მოპოვება და რადენიმე საიფათო მომენტიც განახორციელა პირველ ტაიმში. მე- 19 წუთზე გიორგი კუციამ ტექნიკურად შეასრულა ჯარიმა, ბურთი კი ოდნავ აცდა კარს. აღსანიშნავია ლევან ხარაბაძის ტექნიკური თამაშიც, მაგრამ საბოლოოდ უშედეგო მცდელობა. მეორე ტაიმი დინამომ უფრო აქტიურად განაახლა და შეიძლება ითქვას მეტოქე წნეხშიც მოაქცია. რამდენიმე სახიფათო ჩაწოდება ბოლო წამს მცველებმა და მეკარემ განმუხტეს, მე- 60 წუთზე კი საიმონ ბენიოს თავური აცდა ოდნავ ჯოშუა კოენის კარს. ექვსიოდე წუთში მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც დინ დავიდმა გოლით დაასრულა 0-2. დინამო აგრძელებდა აქტიურად თამაშს, რამდენჯერმე ნოდარ ქავთარაძე და ბარნს ოსეი შეეცადნენ შეტევების გამწვავებას, საბოლოოდ კი შედეგი შეხვედრის ბოლოსკენ, 88- ე წუთზე გამოიღო მასპინძელთა მცდელობებმა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს საიმონ ბენიომ თავი შეაგება, ბურთს ზუსტად გიორგი პაპავა დაუხვდა და ანგარიში შეამცირა 1-2. დინამოს შეხვედრის ბოლოსკენ კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. საპასუხო მატჩი ჰაიფაში ერთი კვირის თავზე, 29 ივლისს გაიმართება.

 

 

დინამო 1-2 მაქაბი

გოლი: 0-1 აცილი 8’  0-2 დავიდი 66’  1-2 პაპავა 88’

გაფრთხილება: აბუ ფანი 12’  პლანიჩი 33’  კუცია 50’  როდრიგესი 62’  სპორქსლედე 72’  მენახემი 80’  ოსეი 90+5’ 

 

დინამო: მიგინეიშვილი, ხვადაგიანი (კობოური 70), პაპავა, ბენიო, რადინი (მორჩილაძე 78), ქარდავა (მექვაბიშვილი 46), სპორქსლედე, ხარაბაძე, კუცია (ქავთარაძე 70), გაბედავა (ოსეი 46), მარუშიჩი

მაქაბი: კოენი, პლანიჩი (დაჰანი 84), მენახემი, მეიერი, გერშონი, აცილი (დავიდი 63), ჰაზიზა (აშკენაზი 84), როდრიგესი, აბუ ფანი, ჩერი (ლავი 71), დონიო (საჰარი 63)

 

მსაჯი: ლუკას ფენდრიხი (შვეიცარია)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021